„ქართუ ბანკი“ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს პასუხობს. ბანკის წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ 8 მილიონიანი კრედიტის გაცემა მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიას ინკასო მოეხსნა.
„საუბარია სესხზე, რომელიც „ომეგა“ ჯგუფმა „ქართუ” ბანკისგან სათანადო ქონების უზრუნველყოფით წლების წინ აიღო, როდესაც „ომეგა“ ჯგუფს მრავალმილიონიანი დავალიანება წარმოექმნა თავის ერთ-ერთ კონტრაქტორთან. ვინაიდან „ომეგა“ სესხს გრაფიკის შესაბამისად ემსახურებოდა, სრულიად სტანდარტულად, მას არსებული საკრედიტო ლიმიტის და უზრუნველყოფის ფარგლებში მიეცა თანხა,"- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობილია, რომ „ომეგა 2-ს“, რომლის სახელზეც გასცა „ქართუ ბანკმა“ 8 მილიონიანი კრედიტი ინკასო არ ჰქონია დადებული.
„ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელობას ბანკის წარმომადგენელმა 8-მილიონიანი კრედიტის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა და თანხის გატანა შესთავაზა.
დაჩქარებული წესით გაცემული მილიონების ნაწილი ბიუჯეტში აქციზური მარკების შესაძენად ჩაირიცხა.
ნერვების და კომპრომატების 3 თვიანი ომი, ზაზა ოქუაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის 24 სექტემბერს მოულოდნელად ხელისუფლების სრული კაპიტულაციით დასრულდა.