19 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
ყალბი პირადობის მოწმობების საქმე - მესამე სექტორში აცხადებენ, რომ პროკურატურა კანონსაწინააღმდეგოდ იქცევა

ყალბი პირადობის მოწმობების საქმე - მესამე სექტორში აცხადებენ, რომ პროკურატურა კანონსაწინააღმდეგოდ იქცევა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროკურატურას ზეწოლის მოხდენის მცდელობაშიც ადანაშაულებენ.

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორი, გიორგი ჩიტიძე ამბობს, რომ პროკურატურას არ აქვს უფლება, რომ დაავალდებულოს უფლებადამცველი, რომ წყარო გათქვას.

„პროკურატურის ნებისმიერი განმარტება, მათ შორის, მოშველიება საპროცესო კანონმდებლობის იმისთვის, რომ მოსამართლემ ან თავად პროკურორმა დაავალდებულოს უფლებადამცველი ორგანოს წევრი, როგორც შესაძლებელია ჟურნალისტი, რომ გათქვას წყარო, არის არამხოლოდ არასწორი, არამედ უკანონო,“ - განაცხადა ჩიტიძემ.

პროკურატურის განცხადებას კრიტიკულად აფასებს ასევე "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" იურისტი, თამარ ქეცბაია. მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ნებისმიერმა პირმა დაიცვას საკუთარი წყარო.

„მიგვაჩნია, რომ პროკურატურის განცხადება არ არის სამართლებრივად სწორი იქიდან გამომდინარე, რომ სისხლის სამართლის კოდექსი არ ჩამოთვლის პირდაპირ უფლებადამცველს, როგორც პირს, რომელსაც არ აქვს ვალდებულება გაამჟღავნოს მისი წყარო, თუმცა, ეს უნდა იყოს განმარტებული სისტემურად, გვაქვს საქართველოს კონსტიტუცია, გვაქვს 2004 წელს მიღებული სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი, რომელიც აზუსტებს და გვეუბნება, რომ უფლებადამცველს აქვს უფლება მისი წყარო სარგებლობდეს აბსოლუტური პრივილეგიით,“ - განაცხადა თამარ ქეცბაიამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი აცხადებს, რომ პროკურატურის წარმომადგენლებს მესამე სექტორის წარმომადგენლებმა მათ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა, არ დაასახელეს წყარო.

„ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს იმას ვეუბნებით სრულად, ერთადერთი რასაც არ ვეუბნებით ეს არის ინფორმაცია წყაროს შესახებ და ამის ართქმის უფლებას ჩვენ გვაძლევს საქართველოს კონსტიტუცია და ჩვენც არ ვაპირებთ წყაროს დასახელებას. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფუძემდებლური პრინციპი, რის საფუძველზეც მუშაობენ მთელ მსოფლიოში უფლებამდამცველი ორგანიზაციები. მეც ვესწრებოდი იმ შეხვედრას, სადაც ამ ინფორმაციის შესახებ მოგვიყვნენ, შემდეგ ჩვენ გადავამოწმეთ, სარწმუნოდ მივიჩნიეთ და ვამცნეთ საზოგადოებას და მოვუწოდეთ სამართალდამცავ ორგანოებს რომ გამოიძიონ. ეს ინფორმაცია არის იმ ადამიანების შესახებ, ვინც სავარაუდოდ, ჩარეული არიან, იმ უწყებების შესახებ, იმ ტერიტორიული ერთეულების შესახებ,“ - განაცხადა ონიანმა.

საქმე ეხება ყალბი პირადობების შესაძლო დამზადების შესახებ პროკურატურის მიერ უფლებადამცველებისთვის ინფორმაციის წყაროს გამჟღავნების მოთხოვნას. ამ საქმეზე უკვე რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს სამოქალაქო სექტორის წევრების გამოკითხვა.

არასამთავრობო ორგანიზაციები არ ასახელებენ იმ პირს, ვინც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, ყალბი პირადობების შესაძლო დაბეჭდვის საქმეზე მიაწოდა მათ ინფორმაცია, რადგან მათი თქმით, ეს პრინციპული საკითხია ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც კონფიდენციალობის დაცვის პირობით თანამშრომლობენ სამოქალაქო სექტორთან. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები