არჩევნების შესაძლო გაყალბების კიდევ ერთი სქემა - გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ „ქართულმა ოცნებამ“ ჯანმრთელი ადამიანებისთვის გადასატანი ყუთის სერვისი შეუკვეთა.
ოპოზიციამ ამ თემაზე დღეს დამატებითი მტკიცებულებები მოიპოვა. საგანგებო განცხადება გაერთანებული ოპოზიციის პრეზიდენტობს კანდიდატის საარჩევნო შტაბში ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, გადასატან ყუთებზე ამომრჩეველთა რაოდენობა გაზრდილია. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ვინაიდან გადასატანი ყუთის შემთხვევაში მარკირება არ კეთდება, ხელისუფლებას შეუძლია, რომ ერთი და იგივე ადამიანის ხმა რამდენჯერმე გამოიყენოს.
„ყუთებში კატასტროფულად არის გაზრდილი ამომრჩეველთა რაოდენობა. მხოლოდ სამგორის რაიონში 700%ით მეტი ადამიანია რეგისტრირებული გადასატან ყუთებში, ვიდრე იყო პირველ ტურში. არიან ადამიანები, რომელმაც ამის შესახებ არც კი იციან, რომ გადასატან ყუთებში არიან რეგისტრირებული. ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ დოკუმენტაციას და ვიდეოს წარმოვადგენთ. იყვნენ ადამიანები, რომლებიც არიან გადასატან ყუთში და ჩვენი მონიტორინგის შედეგად, მათი ნაწილი სპორტულ დარბაზებში აღმოჩნდა, ანუ აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან, მიუხედავად ამისა, მინიშნებულია, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო და იმის გამო, რომ ჯანმრთელობა არ უწყობთ ხელს, საარჩევნო ყუთები უნდა მიუტანონ სახლში. იყვნენ ადამიანები, რომლებსაც იძულებით ჩააწერინეთ საკუთარი ოჯახის წევრები გადასატან ყუთზე. თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კომისიის მდივნის ჯანმრთელი მეღლე და 19 შვილი გადასატან ყუთზე, მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობას წევდა ეს ადამიანი. ვარკეთილი 3-სა და ვარკეთილის მასივში 1200 მოქალაქით არის გაზრდილი გადასატანი ყუთის რაოდენობა,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.