ყალბი პირადობების შესაძლო დაბეჭდვასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას მესამე სექტორში ეხმაურებიან. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გაუგებარია, რატომ ითხოვს პროკურატურა მათგან წყაროს დასახელებას.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა იცავს წყაროს კონფიდენციალურობას.
„კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ცალსახად ადგენს, რომ აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული ინფორმაციის წყაროს კონფიდენციალობა და არავის, მათ შორის, არც სასამართლოს არ აქვს უფლება, უფლებადამცველს ან სხვა პირებს, როგორიც არის ჟურნალისტი ან ადვოკატი, დაავალდებულოს აღნიშნული წყაროს გამჟღავნება. ამიტომ პროკურატურის აპელირება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე არის არასწორი, რადგანაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შემავსებელი ნორმაა ერთგვარი სწორედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის ხსენებული ნორმა და ისინი მთლიანობაში ქმნიან საკანონმდებლო სივრცეს. მსგავსი მიდგომა, რომ სამართალდამცავი ორგანოები უფლებადამცველებს ავალდებულებდნენ წყაროს გამჟღავნებას არ არის დამახასიათებელი დემოკრატიული საზოგადოებისთვის,“ - აღნიშნა მშვენიერაძემ.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი ამბობს, რომ მესამე სექტორის წარმომადგენლები არ აპირებენ წყაროს ვინაობის გამხელას.
„პროკურატურა ითხოვს უშუალოდ წყაროს დასახელებას, რაც ჩვენ ვთვლით, რომ არასწორი არის და ამას ექნება ძალიან ცუდი სამომავლო შედეგები, თუ ამას მოითხოვს პროკურატურა და მოთხოვს ყველა შემთხვევაში და ყველა ფაქტზე უფლებადაცვით ორგანიზაციას, ამას შეიძლება ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი სამომავლოდ, რადგანაც ამის შემდგომ არანაირად არ იქნება წახალისებული მამხილებელთა საქმიანობა, არანაირად არ იქნება წახალისებული წყაროს კონფიდენციალურობის დაცულობა და ჩვენც ისევე როგორც მედია ვერ მიიღებს ბევრ ინფორმაციას და ეს ნამდვილად არ წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას,“ - ამბობს კლდიაშვილი.
პროკურატურაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოკითხვაზე უკვე რამდენიმე დღეა, რაც მიდიან. საქმე ეხება ყალბი პირადობების შესაძლო დამზადებას. პროკურატურაში უფლებადამცველებს ინფორმაციის წყაროს გამჟღავნებას სთხოვენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები არ ასახელებენ იმ პირს, ვინც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, ყალბი პირადობების შესაძლო დაბეჭდვის საქმეზე მიაწოდა მათ ინფორმაცია, რადგან მათი თქმით, ეს პრინციპული საკითხია ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც კონფიდენციალობის დაცვის პირობით თანამშრომლობენ სამოქალაქო სექტორთან.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.