სპეციალური სიები - გაერთიანებული ოპოზიცია გაყალბების კიდევ ერთ სქემაზე საუბრობს, რომლითაც, მათი მტკიცებით, ცესკო ხმებით მანიპულირებას ცდილობს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი, აცხადებს, რომ ცესკო-მ სპეციალური სიები შეადგინა და ცდილობს, რომ იმ უბნებზე, სადაც ვაშაძე ლიდერობდა, მეორე ტურში ეს მონაცემები შეცვალოს.
ბეჟაშვილმა მაგალითად მოიყვანა სამგორის საარჩევნო ოლქი, სადაც, მისი მტკიცებით, დამატებით 1329 პოლიციელის და სამხედრო მოსამსახურის მობილიზება იგეგმება.
„მარტო თბილისის სამგორის ოლქში შექმნილია სპეცსიები და ეს სპეცსიები, პირველ ტურთან შედარებით, გაზრდილი არის 1329 პოლიციელით და სამხედრო მოსამსახურით, რომელთაც ექნებათ საშუალება, მიიღონ მონაწილეობა სამგორის ოლქში და პრაქტიკულად შეცვალონ ის შედეგები, რომელიც პირველ ტურში იყო.
„მარტო სამგორის საარჩევნო ოლქის 47-ე უბანზე დამატებული არის 146 სამხედრო მოსამსახურე, 84-ე უბანზე დამატებულია 402 სამხედრო მოსამსახურე, 83-ე უბანზე დამატებულია 613 სამხედრო მოსამსახურე, ჯამში, ეს რიცხვი შეადგენს 1329 ხმას და პრაქტიკულად შეუძლია, გადაწყვიტოს, შეცვალოს პირველი ტურის შედეგები სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ბეჟაშვილი მოუწოდებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ ყურადღება მიაქციონ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს სამგორის საარჩევნო ოლქს.
„ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ცესკო-ს, თავი დაანებოს გაყალბების და ახალი სქემების შემუშავებას, მოგვცეს იმ სამხედრო მოსამსახურეების და პოლიციელების სია, რომლებიც ჩასმულნი არიან სამგორის საარჩევნო ოლქში საარჩევნო მანიპულირებისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს მათი ადგილსამყოფელის და მათი სხვა ერთიან სიაში არსებობის გამორიცხვის შესაძლებლობა,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.