არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მამუკა ბახტაძემ ამის შესახებ განცხადება აჭარაში ყოფნის დროს გააკეთა. მთავრობის მეთაურის თქმით, მეორე ტურიც, პირველის მსგავსად ყველა სტანდარტის დაცვით ჩატარდება და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. თუმცა პრემიერის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდი ქვეყანაში ევროპული სტილის კამპანიისგან შორს არის და ამაში ოპოზიცია დაადანაშაულა.
„სამწუხაროდ, ჩვენ ნამდვილად არ გვიხილავს ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანია. ჩვენმა მოსახლეობამ კარგად იცის, თუ როგორი ბინძური ხერხები იქნა გამოყენებული, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიაში, მათ შორის პირადული შეურაცხყოფები, ზღვა დეზინფორმაციისა ე.წ. ფეიკ ნიუსები და ბევრი სხვა ნეგატიური მომენტი. ამისდა მიუხედავად, მინდა განვაცხადო, ნურავის ექნება ილუზია, რომ დისონანს შეიტანს ჩვენს ცხოვრებაში. 28 ნოემბერს, ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და ქართველი ხალხი არის ერთადერთი, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ვიაქტიუროთ, რომ მაქსიმალურად არჩევნებზე, ვინაიდან, სწორედ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა განაპირობებს იმას, რომ 28 ნოემბერს ჩვენ მივიღოთ რაც შეიძლება მონაწილეობის ძალიან მაღალ დონე,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.