19 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
ცესკო-ს ცხელი ხაზიდან, ასევე საოლქო კომისიიდან ასეთი განმარტებების მიცემა არის დანაშაულებრივი - ლევან ბეჟაშვილი  

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელი ხაზიდან, ასევე საოლქო კომისიიდან ასეთი განმარტებების მიცემა არის დანაშაულებრივი - ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.

ოპოზიციის ინფორმაციით, რეგიონებში ცესკო-ს წევრებს აძლევენ ინსტრუქციას, რომ თუკი შემოხაზულ ბიულეტენზე მითითებული იქნება ამომრჩევლის სახელი და გვარი, ეს კანონდარღვევად არ ჩაითვლება.

ლევან ბეჟაშვილი კონკრეტულ სახელ და გვარებს ასახელებს. ის ჩხოროწყუს და მარტვილის ცესკო-ს ტრენერებისა და წარმომადგენლებზე მიუთითებს, რომელთა მხრიდანაც, მისი თქმით, კომისიის წევრებისადმი გაიცა დავალება, რომ ბათილად არ ჩაითვალოს ის ბიულეტენი, სადაც ამომრჩევლის სახელი და გვარი იქნება მითითებული.

„გვაქვს ორი ოფიციალური შეტყობინება, სადაც კონკრეტული სახელები და გვარებიც ვიცით. ეს არის ჩხოროწყუს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტრენერი, ქალბატონი მაია გოგუა, ასევე მარტვილის ოლქის თავმჯდომარე, რომელიც თვითონ ატრენინგებს კომისიის წევრებს, მისი სახელია ნინო დანელია. ეს კონკრეტული შემთხვევები გვაქვს, როდესაც ეს ადამიანები ასეთი დავალებებს აძლევენ საუბნო კომისიის წევრებს და მეტიც, ჩვენმა კომისიის წევრებმა გადარეკეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელ ხაზზე და იქაც ანალოგიური განმარტება მიიღეს, რომ თურმე ბათილობის საფუძვლებში აღნიშნული დარღვევა არ არის განსაზღვრული და ბუნებრივია, ვერც იქნება განსაზღვრული, ეს არის მთავარი პრინციპის დარღვევა და კანონმდებელი ამას ისედაც არეგულირებს,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

დღის ამბები