19 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი ბროშურები - აუდიტის სამსახური „პატრიოტთა ალიანსის“ 15 000 ლარით დაჯარიმებას ითხოვს

აუდიტის სამსახური „პატრიოტთა ალიანსის“ 15 000 ლარით დაჯარიმებას ითხოვს. მაკონტროლებელმა ორგანომ წინასაარჩევნო შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც პირველი აგვისტოდან 28 ოქტომბრამდე პერიოდში საარჩევნო სუბიექტების მიერ გაწეულ ხარჯებს ასახავს.

დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო და სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი ბროშურები, „პატრიოტთა ალიანსმა“ კანონის დარღვევით დაბეჭდა და გაავრცელა.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე, ეკატერინე ღაზაძე აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის" მიერ, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ დაბეჭდილ ბროშურების ღირებულება 15 ათას ლარს შეადგენდა.

„პატრიოტთა ალიანსის მიერ, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ დაბეჭდილი სააგიტაციო ბროშურების ღირებულება 15 ათასი ლარის ოდენობით, აუდიტის სამსახურის მიერ მიჩნეულ იქნა უკანონო შემოწირულობად და თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართეთ კანონით განსაზღვრული ორმაგი ოდენობის ჯარიმის დაწესების მიზნით. აუდიტის სამსახურმა გამოითხოვა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან ინფორმაცია 14 ოქტომბრის მდგომარეობით. გაჩნდა დამატებითი კითხვები და გამოვითხოვეთ სრული საარჩევნო პერიოდის შესახებ ინფორმაცია და მიმდინარეობს შესწავლა. არის კიდევ „ქართული ოცნების“ მიერ დაფინანსებული საარჩევნო კვლევის შესახებ შემოსული საჩივარი, ამაზე ჩვენ მივმართეთ პარტიას, რომ მოგვაწოდოს ინფორმაცია, ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარჯების საკითხების და საქმის შესახებ,“ - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილემ, ეკატერინე ღაზაძემ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები