19 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ გადაისინჯოს საარჩევნო კოდექსში შესაბამისი რეგულაციები - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია - მმართველი პარტია საგაზაფხულო სესიის დასაწყისში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის კანონმდებლობაში ცვლილებებს გეგმავს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საარჩევნო კოდექსისი ცვლილებასთან ერთად, ასევე, შესაცვლელია პარტიების დაფინანსება.

„ჩვენ უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ გადაისინჯოს საარჩევნო კოდექსში შესაბამისი რეგულაციები. ამისთვის შეიქმნება ალბათ, სამუშაო ჯგუფი და ამ რეჟიმში აუცილებლად დაიხვეწება საარჩევნო კოდექსი,“ - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ეუთო-ს რეკომენდაციებს მმართველი გუნდი გაიზიარებს.

ჩუგოშვილი ამბობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში საპარლამენტო არჩევნებამდე ცვლილებები შევა.

„ამ არჩევნებშიც არის არაერთი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ როგორც ეუთო-სგან და მთავარი სადამკვირვებლო ორგანიზაცია არის ეუთო, ასევე, სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციებისგან. ზოგადად არსებობს სტანდარტი, რომ არჩევნებთან ახლოს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება რეკომენდირებული არ არის, მაგრამ ჩვენ გვაქვს საკმაო დრო შემდგომ არჩევნებამდე. 2019 წლის განმავლობაში, ჩვენ შეგვიძლია, ვიმუშაოთ მშვიდად იმისთვის, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც არის მოცემული ამ დასკვნებში შევიტანოთ კანონმდებლობაში,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია. მისი თქმით, საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ცვლილებებია შესატანი.

„საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების წესთან დაკავშირებით უნდა იყოს უფრო ცივილიზებული, გამართული და არა ისეთი რეგულაცია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფო-საბიუჯეტო სახსრები არ იყოს გამოყენებული მიზნობრივად და ისე, როგორც ეს შეიძლება ყოფილიყო უკეთესი. კანონმდებლობაში შეიძლება ვისაუბროთ საარჩევნო ადმინისტრირების თვალსაზრისით კიდევ მეტად დაიხვეწოს ნორმები, რომელიც როგორც წინასწარ კამპანიას ეხება, ასევე იმ საარჩევნო დღეს, თუნდაც იმ საარჩევნო სიებთან დაკავშირებულ ჩააწერს, იმიტომ, რომ დღეს ჩანაწერით, საარჩევნო სიები არის ხელმისაწვდომი სუბიექტებისთვის,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები