ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო გამოყენების საქმე - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. სავარაუდო, ყალბი პირადობის მოწმობების საქმეზე, რომლებსაც ოპოზიციის წევრებმა ლანჩხუთში მიაგნეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამოკითხვაზე დაიბარეს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე კი განმარტავს, რომ ნაპოვნი ლამინირებული მოწმობები დიდი ხნის დაბეჭდილია, ისინი გარდაცვლილ პირებს ეკუთვნით და ამ პირადობის მოწმობებზე დაფიქსირებული არც ერთი პირის მონაცემები საარჩევნო სიებში არ დაფიქსირებულა.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა ის პირადობის მოწმობა, რომელიც იქნა აღმოჩენილი, თუ როგორც არის არის ძალიან ბევრი წლით ადრე გაცემული და ეკუთვნით გარდაცვლილ პირებს. რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია არის ის, რომ არცერთი ამ მონაცემის შესაბამისი პირი საარჩევნო სიაში შეყვანილი არ ყოფილა.
ეს ვფიქრობ აბსოლუტურად საკმარისია მნიშვნელოვანი დასკვნების გასაკეთებლად, იმის შესახებ თუ რას წარმოადგენს ეს გავრცელებული ინფორმაცია“- ამბობს სარჯველაძე.