საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება იზრდება. საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვით, მთავრობა ანგარიშვალდებული იქნება, პარლამენტს უფრო ინტენსიურად წარუდგინოს ანგარიში მისი საქმიანობის შესახებ.
ახალი რედაქციის თანახმად, 2019 წლიდან საკანონმდებლო ორგანოს პლენარული სხდომები არა ქუთაისში, არამედ თბილისში გაიმართება.
განმარტებები ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა გააკეთეს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ რეგლამენტის მიხედვით, მთავრობა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული იქნება.
„პარლამენტის 6-კაციან ჯგუფს შეუძლია, ნებისმიერ თანამდებობის პირს მიმართოს კითხვით და ეს თანამდებობის პირი იქნება პასუხისმგებელი და ვალდებული, პირადად წარდგეს პარლამენტის პლენარული სხდომის წინაშე და კითხვებს უპასუხოს. ამ დოკუმენტის მეშვეობით ჩვენ რეგულარულად გვქნება მთავრობის წევრების მოსმენები არა მხოლოდ კომიტეტებში, არამედ პლენარულ სხდომათა დარბაზში. არ გვექნება არცერთი სასესიო კვირა, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები პარლამენტის სხდომაზე წარმოდგენილები არ იქნებიან,“- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.
ცვლილებების მიხედვით, პრემიერ-მინისტრის ვალდებულება იქნება, რომ წელიწადში ერთხელ წარმოადგინოს საკანონმდებლო ორგანოში ანგარიში.
„საკომიტეტო ფარგლებში, სადაც უმცირესობაც არის, უმრავლესობაც არის, ამ ფორმატში ხდება მთავრობის დაბარება, კვორუმი არის ძალიან დაბალი. რამდენიმე დეპუტატს შეუძლია, დააყენოს საკითხი მთავრობის წევრების დაბარების თაობაზე და ეს არის შესაძლებელი,“- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.
ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ უჭერს, რადგან ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ გარკვეულ შემთხვევებში დეპუტატებს საზედამხედველო ფუნქცია, პირიქით, ეზღუდებათ.