19 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
"ბევრია გამოსასწორებელი" - მმართველი გუნდი აშშ-ის დეპარტამენტის მწვავე შეფასებას ეხმაურება

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე ამერიკის შეერთებული შტატების შეშფოთებას მმართველი გუნდი ეხმაურება. საპარლამენტო უმრავლესობაში უკვირთ, რა მრავალრიცხოვან დარღვევებზეა საუბარი, რადგან საჩივრების რაოდენობა არც ისე ბევრი იყო.

მმართველი გუნდის წევრები ასევე აღნიშნავენ, რომ მზად არიან, მომავალში გარკვეულ საკითხებზე იმუშაონ, რათა საარჩევნო პროცესი კიდევ უფრო დაიხვეწოს.  

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ პოლიტიკური კულტურა, რომელიც დღესდღეობით საქართველოშია, საერთაშორისო სტანდარტს ჩამორჩება.

„სიგნალია, რასაკვირველია, უფრო უნდა დაიხვეწოს. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ ველზე საქმიანობის ამ ნაწილს, რომელიც შეეხება არჩევნებს, ზოგადად პოლიტიკური პარტიების ურთიერთობებს, ბევრია გამოსასწორებელი, მაგრამ ეს მხოლოდ სახელისუფლებო რგოლს არ ეხება. პოლიტიკური კულტურა, რომელიც საქართველოს დღესდღეობით გააჩნია, ჩამორჩება საერთაშორისო სტანდარტს,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან თუ არსებობს კითხვები, მზად არიან, საზოგადოებას უფრო მაღალი სტანდარტის არჩევნები შესთავაზონ.

„თუ ეს საერთაშორისო სტანდარტს სცილდება, ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ ამის დახვეწაზე და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, მაგრამ საჩივრების რაოდენობის მიხედვით ვერ ვიტყვით, რომ ეს იყო განსაკუთრებული დარღვევა, განსაკუთრებული რაოდენობის,“- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს უკვე მესამედ ეხმაურება. უწყების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ვაშინგტონი შეშფოთებულია მრავალრიცხოვანი დარღვევებით და ყურადღებით დააკვირდება, როგორ შეასრულებს ქართული მხარე ახალ კონსტიტუციას.

ამავე თემაზე
დღის ამბები