ვალების განულების და მოვალეთა შავი სიიდან მოქალაქეების ამოღების დაპირება ძალაშია - პრემიერი ამბობს, რომ პროცესის 15 დეკემბრიდან დაიწყება.
მამუკა ბახტაძის თქმით, სწორედ 15 დეკემბრიდან დაიწყება მოქალაქეების ე.წ. შავი სიიდან ამოღება. პრემიერი ამბობს, რომ მოქალაქეებს ვალები ეტაპობრივად გაუნულდებათ.
მისივე განცხადებით, სპეციალური საიტი, რომელიც საბანკო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებით შეიქმნა, დღეს ამოქმედდება.
„დღეს საღამოს 6 საათზე, ანუ 18 საათზე გაეშვება ვებ საიტი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, რომ დარეგისტრირდეს და ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე მსხვილ ორგანიზაციაზე. კერძოდ დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილ იქნებიან „საქართველოს ბანკისა“, „თიბისი ბანკის“ და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები, ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორი როგორც მოგეხსენებათ. აქვე მინდა იმასაც ხაზი გავუსვა, რომ მუშაობა მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში. თქვენ ალბათ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თუ რა მასშტაბის ინფორმაციასთან გვაქვს საქმე და ფონდი „ქართუ“ ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე, შესაბამისად ყოველ დღე ჩვენ დავამატებთ ამ ბაზებს შესაბამის ინფორმაციას . ფინანსურ ინსტიტუტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება და როგორც უკვე ჩვენ აღვნიშნეთ, 15 დეკემბრიდან მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება სხვადასხვა პერიოდულობით ჩვენი მოქალაქეების ამოღება ამ შავი სიიდან.“-განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, წინასაარჩევნოდ მეორე ტურის წინ, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც 2000 ლარამდე სესხი აქვთ აღებული, შავ სიაში არიან და ბოლო წლის განმავლობაში დავალიანების ნაწილი გადახდილი არ აქვთ, სესხები გაუნულდებათ და შავი სიიდან ამოიღებენ.