ჯეიმს აპატურაი საქართველოშია. ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა.
პირველი ოფიციალური შეხვედრა აპატურაის დილის 10 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროში აქვს. დაგეგმილია აუდიენცია მამუკა ბახტაძესთან და სალომე ზურაბიშვილთან, ასევე საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან.
ჯეიმს აპატურაი შეხვდება ოპოზიციას, მათ შორის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ჟურნალისტებთან საუბრის დროს აპატურაიმ საქართველოსთან დაკავშირებით ნატოს გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.
„მოუთმენლად ველი შეხვედრებს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან. შეხვედრები დაგეგმილი მაქვს ასევე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგნელებთანაც. ნატოს სურს საუბარი არა მხოლოდ მათთან, ვინც ქვეყნის ხელისუფლებაშია, არამედ საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენელთან. 2018 წელის ძალზე ნაყოფიერი იყო ნატო-საქართველოს ურთიერთობების კუთხით. ჩვენ არაერთ კონკრეტულ მიზანს მივაღწიეთ. ახლა საქართველოში გაცილებით მეტი ნატოა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვინდა. დღევანდელი მოლაპარაკებები 2019 წლის გეგმებს შეეხება,“- განაცხადა აპატურაიამ.