ხმაური ველისციხესთან - ოპოზიციის კოლონას სამართალდამცავებმა გზა გადაუკეტეს და თელავისკენ გადაადგილების შესაძლებლობა არ მისცეს.
კოლონა გურჯაანიდან თელავის მიმართულებით მიდიოდნენ, სადაც მასშტაბური აქციის გამართვა იგეგმება.
ველისციხესთან ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს ადამიანთა ჯგუფი დახვდათ, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ამ დაპირისპირების განმუხტვა სამართალდამცავებს არ უცდიათ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ჯგუფი სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე მიხეილ სააკაშვილის ძმას, დავით სააკაშვილს დაუპირისპირდა.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრები მოუწოდებენ სამართალდამცავებს, რომ გზა გახსნან და გადაადგილების შესაძლებლობა მისცენ. მათი თქმით, კიდევ ელოდებიან კოლონის მისვლას და ერთად გაემგზავრებიან თელავის ცენტრში.
სამართალდამცავებსა და ოპოზიციის წევრებს შორის დაპირისპირება ასევე მოხდა ჩუმლაყთან, სადაც ავტობუსებით არის გზა გადაკეტილი და თელავისკენ გამგზავრების შესაძლებლობას არ აძლევენ.
დღეს, 13:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიცია თელავის ცენტრში მასშტაბურ აქციას გამართავს და არჩევნების გაყალბებას გააპროტესტებს.
თელავის მერიამ გაერთიანებულ ოპოზიციას ერეკლე მეორეს ძეგლთან აქციის გამართვის ნებართვა არ მისცა და ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა. თუმცა, ოპოზიცია გეგმავს, რომ თელავის ცენტრში გამართოს აქცია, სადაც საპრეზიდენტო არჩვენების გაყალბებას გააპროტესტებენ.