გაერთიანებული ოპოზიცია აქციებთან დაკავშირებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმას რამდენიმე საათში წარადგენს. განცხადებები ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე გააკეთეს. ცნობილია, რომ პროტესტი გრძელდება.
უცვლელია მოთხოვნები - გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და გადადგეს ხელისუფლება. სიტყვით გამოსვლები რუსთაველის გამზირზე გვიანობამდე მიმდინარეობდა.
„ჩვენ უკვე გვექნება სიღრმისეული მსჯელობა გაერთიანების ლიდერებს, სადაც ჩამოვყალიბდებით ჩვენს სამოქმედო გეგმაზე. მოთხოვნები - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მთავრობა უნდა გადადგეს, იმიტომ, რომ ის დანაშაული რაც დღეს ჩაიდინეს პირდაპირ პროპორციულია, რომ მოვითხოვოთ მათი გადადგომა და სრული დელეგიტიმაცია აუცილებლად მოხდება სალომე ზურაბიშვილი,“-აცხადებს პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.
ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, პროტესტი მშვიდობიანად გაგრძელდება და ბრძოლა არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება პრინციპული.
„არავის არ ჰქონდეს ილუზია, რომ ჩვენ ვაპირებთ თბილად სახლში დარჩენას. პროტესტი იქნება სხვადასხვა ფორმის, პროტესტი იქნება ნებისმიერი. ძალადობა აუცილებლად დამთავრდება და დამთავრდება ძალიან მალე,“-განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.