მმართველი გუნდის ლიდერების შეფასებით, გუშინ კახეთში განვითარებული მოვლენები ოპოზიციის მიერ დაგეგმილი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი იყო.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ თელავში გადაადგილებისას გარკვეული შეფერხება იყო, თუმცა მისი თქმით, ამაზე ოპოზიციის რეაქცია ძალიან აგრესიული იყო.
"ქართულ ოცნების" ლიდერები ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასაც ეხმაურებიან. მათი განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებზე მოსახლეობის დიდი რაოდენობა მონაწილეობას არ მიიღებს.
„ყველაფერი, რაც დაიგეგმა და განხორციელდა, იყო ანტისახელმწიფოებრივი. შესაძლოა, მე ვუშვებ, რომ იქ რაღაც შეფერხება არსებობდა გადაადგილებაში, მაგრამ რასაკვირველია, რეაქცია ამ შეფერხებაზე გაცილებით უფრო აგრესიული იყო, ვიდრე ეს შეიძლება ყოფილიყო. განაცხადი იმის თაობაზე, რომ პერმანენტული აქციები იქნება იმის თაობაზე, რომ სტაბილურობას შეექმნება პრობლემები და იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში შეიქმნება არანორმალური სიტუაცია, ეს მუქარაც, რასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა „ნაციონალური მოძრაობის“, რომლის გარშემო ერთკაციანი რამდენიმე პარტიაც არის შეკრებილი, თითქოს, მრავალრიცხოვანი პარტიები ჯგუფი მოითხოვს ამას. მე არ ვფიქრობ, რომ ეს აგრესიული რესურსი საკმარისია იმისთვის, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინოს,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ხვალიდან აქციების გამართვა დაანონსა.