19 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
კონსტიტუციის უხეში დარღვევა - უგულავა კახეთში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას შს მინისტრს აკისრებს​

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, გუშინ, კახეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. გიგი უგულავამ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ შეეშვა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები თელავში, სადაც ისინი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდნენ, სამარცხვინო უწოდა.

უგულავამ საგანგებო ბრიფინგზე, საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებული უწოდა და ერთ-ერთ მაგალითად  სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის ეთერით გავრცელებული ვიდეო მასალა მოიყვანა, სადაც ჩანს თუ როგორ ყრიან ბიულეტინებს საარჩევნო ყუთში. 

"არჩევნებზე მომხდარი უმძიმესი დარღვევების და მეორე ტურის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობის პრაქტიკულად ნახევარს უთხრა, რომ ისინი არ არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომ მათი პროტესტი შეიძლება იყოს განხილული რაღაც ერთ მუჭა ადამიანების პროტესტად, რომ ის სამარცხვინო და გულისამრევი საშინელება რაც ვიხილეთ საარჩევნო უბნებზე, პირდაპირ, უტიფარი ყრა ბიულეტენების, თითქოს არაფერია,"-აცხადებს უგულავა. 

რაც შეეხება გუშინ ველისციხეში, სამართალდამცველებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის მომხდარ დაპირისპირებას, გიგი უგულავა უგულავას თქმით, პოლიციამ უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა შს მინისტრს ეკისრება. 

„გუშინ ჩვენ სახეზე გვქონდა კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამაზე პასუხისმგებელი არის პირადად გახარია, რომელმაც ღარიბაშვილის საუკეთესო ტრადიციებით დღეს უკვე დაუწყო ოპოზიციას და საზოგადოების ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ნაწილს მუქარით საუბარი. გუშინ ჩვენ ვნახეთ რომ პოლიციას ჰქონდა უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული დავალება მიღებული, რომ შეეშალა ადამიანებისთვის ხელი თავისუფალი, მშვიდობიანი აზრის გამოხატვისთვის, მათ ჰქონდათ მიცემული დავალება ხელის შეშლის, დროის გაწელვის,“ - აცხადებს უგულავა.

უგულავას თქმით, ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხმა 900 ათასმა ადამიანმა მისცა. უგულავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება.

„ეს არის თემა, რომელზეც ყველა თანხმდება მთელი საზოგადოება, მინუს „ქართული ოცნება.“ ამიტომ, "ევროპული საქართველოს" აზრი და პოზიცია მდგომარეობს სწორედ ამაში, რომ დღეს ჩვენ ყველა ოპოზიციური პარტია, დიახ, ჩვენი საზოგადოების დაკვეთა არის ოპოზიციური კოორდინაცია,“ - ამბობს გიგი უგულავა.

დღის ამბები