ახალი ბიუჯეტით 60 საშტატო ერთეულამდე დადის თანამშრომლების რაოდენობა, პრეზიდენტის დავალებით მე ადმინისტრაციის თანამშრომლებს შევხვდები - ამის შესახებ ლაშა ჟვანიამ განაცხადა.
ჟვანია უკვე შეუდგა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილების შესრულებას. მისი თქმით, ჯერ ცნობილი არ არის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა.
სავარაუდოდ გუნდში დარჩებიან ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილე და მოქმედი ფინანსური ხელმძღვანელი. ჟვანია დღეიდან იწყებს კონსულტაციებს და მისი თქმით, შეხვედრების დასრულების შემდეგ გაირკვევა ვინ დარჩება ადმინისტრაციაში.
„ჩემი პირველი შეხვედრა პრეზიდენტის დავალებით იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მთლიანად. იქნება როგორც სრულად თანამშრომლებთან, ისე ცალ- ცალკე დეპარტამენტების მიხედვით, ისე ინდივიდუალურად შეხვედრა ყველასთან, რადგან გარკვეული კომისიური ჯგუფი გვეყოლება, რათა გავიაზროთ, ვნახოთ, თითოეული ადამიანის კვალიფიკაცია.
ასევე, ამავე პერიოდში, პარალელურად პრეზიდენტი ჩამოყალიბდება თავისი ადმინისტრაციის საკადრო პოლიტიკაზე, რა მიმართულებებზე, რა კვალიფიკაციის მქონე ადამიანები გვჭირდება ადმინისტრაციაში.
იცით, რომ ბიუჯეტის შესახებ კანონის თანახმად, სამოც საშტატო ერთეულამდე დადის პრეზიდენტის ადმინისტრაცია 1 იანვრიდან, თუმცა 12 იანვრიდან შეუძლებელია ეს რომ გაკეთდეს, იმიტომ, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ითვალისწინებს რეორგანიზაციის გარკვეულ ვადას და კანონი, რომელიც ჩვენ გვაქვს საჯარო სამსახურის შესახებ, არის ერთ-ერთი კარგი კანონი, ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესოა. იმიტომ, რომ კანონი მუდმივად იხვეწება, მაგრამ ერთ-ერთი კარგი კანონი, რომელიც არის სტაბილურობის გარანტი საჯარო სამსახურში საჯარო მოსამსახურეების,“-ამბობს ლაშა ჟვანია.