საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს პარლამენტში მივა. კანონმდებლები მწვავე დებატებისთვის ემზადებიან.
ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, ველისციხეში მომხდარი დაპირისპირება, დავით კირკიტაძის დაკავება, აფგან მუხთარლის გატაცება და არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტები - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომლის შესახებაც მინისტრ გიორგი გახარიას ოპოზიციის მწვავე შეკითხვების მოსმენა მოუწევს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი ხელმძღვანელობა არის პირდაპირ სარკე და სახე დღევანდელი ხელისუფლებისა და მასში აირეკლება ყველა ის მანკიერი მხარე და დანაშაული, რაც საქართველოში მომხდარა ბოლო წლების განმავლობაში, თუნდაც გაყალბებული არჩევნების სახით. თუ რა უსამართლოდ მოექცნენ ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს დავით კირკიტაძეს, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯეს. როდესაც ის არ ემალებოდა არასდროს მართლმსაჯულებას,“-აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.
დეპუტატებს ასევე აინტერესებთ, რატომ იყო თავად გიორგი გახარია არჩევნების პროცესში აქტიურად ჩართული და რა მისიით იმყოფებოდა ის წინასაარჩევნო პერიოდში სამეგრელოში.
„აუცილებლად დავუსვამთ მინისტრს კითხვებს არჩევნების ირგვლივ. არჩევნების გაყალბების არაერთი შემთხვევა იხილა ჩვენმა მოსახლეობამ პირდაპირ ეთერში. ჩვენ ვიხილეთ ასევე კრიმინალური სამყარო, რომელიც ალიანსში იმყოფებოდა პრაქტიკულად ხელისუფლებასთან და შს მინისტრის როლი აქ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი,“-აცხადებს ოთარ კახიძე.
კიდევ ერთი მწვავე საკითხი, რომელზე მსჯელობასაც კანონმდებლები გეგმავენ, ხორავას ქუჩის მკვლელობა და სავარაუდო დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებას ეხება.
დებატები პარლამენტში 12:00 საათზე დაიწყება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პარლამენტში მისვლა, შს მინისტრის მხრიდან კარგი ჟესტია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, გიორგი გახარია მზად არის ნებისმიერ კითხვაზე გასცეს პასუხი.