19 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
"არ შეიძლება შვილს რამე ვაჩუქო?" „გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია აპრიორი სიმართლეს არ ნიშნავს" - დეპუტატები TI-ის კვლევას პასუხობენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის მიხედვით, დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები ნათესავებისგან და სრულიად უცნობი პირებისგან ძვირფას საჩუქრებს იღებენ, პარლამენტარები ეხმაურებიან. 

ისინი სხვადასხვა ქონების ჩუქებას ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ კითხვის ნიშნები არ უნდა ჩნდებოდეს. დეპუტატების თქმით, მათი მთავარი პრინციპი გამჭვირვალობაა და შესაბამისად, ისინი ქონებას არ მალავენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ჩემთვის აპრიორი სიმართლეს არ ნიშნავს. აქედან გამომდინარე, თქვენ გთხოვდით, როგორც ჟურნალისტს, რომ გადაამოწმოთ ინფორმაცია,“- განაცხადა „ქართული ოცნების” წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა.

„გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საჩუქრები საჯარო მოხელეების დეკლარაციებში შეტანილია და ყველაზე ხშირად ძვირადღირებულ საჩუქრებს დეპუტატების მეუღლეები ახლო ნათესავებისგან იღებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ჟურნალისტს დასმულ შეკითხვაზე კითხვითვე პასუხობენ და ინტერსედებიან თუ რატომ არ შეიძლება ოჯახის წევრს რაიმე აჩუქონ.

„არ შეიძლება ჩემს შვილს რამე ვაჩუქო? ხომ შემიძლია? თქვენ აბა ნახეთ კიდევ ერთი მონაცემი, რამდენი გადავიხადეთ ბიუჯეტში, 49 მილიონი ერთ წელიწადში,“- განაცხადა ფრაქცია ”ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის” თავმჯდომარემ, კახა ოქრიაშვილმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, მას არაკანონიერი შემოსავალი არ აქვს.

„ჩემი მხრიდან აბსოლუტურად არის ყველაფერი გამჭვირვალე და ამ პოზიციას და პრინციპს ყოველთვის ვიცავ. მე დასამალი არაფერი მაქვს. ვერავინ გამიბედავს, რომ თქვას, რომ მე მაქვს არაკანონიერი შემოსავალი,“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კვლევის თანახმად, 11 დეპუტატიდან 10 საპარლამენტო უმრავლესობის წევრია, ხოლო ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი. მონაცემებთან დაკავშირებით განმარტება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ გარკვეული თანხა მის მეუღლეს დედამ აჩუქა.

„გარკვეული თანხა ჩემს მეუღლეს აჩუქა დედამ, რისი წყაროებიც არსებობს. ეს არის მიზერული იმ თანხებთან შედარებით, რაც სხვებთან ვნახე. არის გარკვეული უზუსტობა, სხვა თანხაზეც არის ლაპარაკი, რომელიც სხვა მუხლშია და ეს სხვა საკითხია,“- განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები