ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობა 5 წლით გაგრძელდება - ამის შესახებ გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო. ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები უკვე მზად არის და ორშაბათიდან მისი დაჩქარებული წესით დაიწყება.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ეკა ბესელიას თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების, როგორიცაა მკვლელობა, ყაჩაღობა, ტერორისტული აქტი, გამოძიების ვადა 5 წლით გახანგრძლივდება.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დაჩქარებული წესით განვიხილავთ ვადის გაგრძელების საკითხს, რომლის ლოგიკა არის სამართლის აღსრულების თვალსაზრისით, როგორც ეს მნიშვნელოვან და რეზონანსული საქმე, რომლის მიმართ არის დიდი საზოგადოებრივი და საჯარო ინტერესი. ამავე დროს ვადის გაგრძელება შეეხება ყველა იმ საქმეს, რომელიც ეწვევა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიაში,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
ზვიად გამსახურდიას შვილები ითხოვდნენ, რომ საქმის გამოძიების ხანდაზმულობა უვადოდ გახანგრძლივებულიყო. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ვადა ჯერ 5 წლით გაიზრდება, შემდეგ კი კონსულტაციები გაიმართება და შესაძლოა, საკითხი მოგვიანებით გადაიხედოს.
„აქ არის მორალური ვალდებულება, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ან სისხლის სამართლებრივი გადაწყვეტილება, ეს არის მორალური ვალდებულება, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ჩავთვალოთ ეს არგუმენტი და გავახანგრძლივოთ ამ ეტაპზე 5 წლით ხანდაზმულობის ვადა,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.