19 მაისი 2024,   05:25
ვრცლად
“უკრაინა ღირსია, ავტოკეფალური ეკლესია იყოს" - შემოქმედელი მიტროპოლიტი უკრაინას ავტოკეფალიის მიღებას ულოცავს

შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას ულოცავს.

მიტროპოლიტმა მისალოცი განცხადება,  ეპარქიის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.

“მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია, ავტოკეფალური ეკლესია იყოს, რამეთუ იგი საუკუნეებია, იბრძოდა, მიეღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია, აგრეთვე მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს და უდიდეს ავტორიტეტს შესძენს”, – წერს მეუფე იოსები.

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას საქართველოს საპატრიარქო ამ დრომდე ოფიციალური განცხადებით არ გამოხმაურებია. როგორც მაღალი იერარქიის სასულიერო პირები აცხადებენ, მილოცვამდე საპატრიარქო ტომოსის შინაარსს უნდა გაეცნოს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას უკრაინელ ხალხს ავტოკეფალიის მინიჭება მიულოცოს. ოფიციალური განცხადება არც პრემიერს გაუკეთებია. მან ამ საკითხზე დასმულ კითხვას თავი აარიდა.

4 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

5 იანვარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი მოაწერა. ცერემონია სტამბოლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შედგა და მას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა.

დღის ამბები