17 ივნისი 2024,   18:10
ვრცლად
საკითხი გარიცხვაზე, წასვლაზე, მოსვლაზე არ დასმულა - ეკა ბესელია ივანიშვილთან და გუნდთან გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრობს 

ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული შეხვედრით კმაყოფილია. ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი უწევდა შეხვედრას მოდერაციას და რამდენიმე დეპუტატმა განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით.

„მას ჰქონდა ლიდერის და მედიატორის ის როლი და ფუნქცია, რომლითაც მან შეძლო, რომ ეს სხდომა წაეყვანა მაქსიმალურად კონსტრუქციულად, მაქსიმალურად კოლეგიალურად კულტურულად და ეთიკურად. ამიტომ, მე ვამბობს, რომ მისი როლი იყო დღეს ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აცხადებს ეკა ბესელია.

ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ ორ დღეზე მეტხანს გაგრძელდეს შეხვედრები. დეპუტატის თქმით, პრინციპულ პოზიციებს არ დათმობს სიის შედგენასა და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ე.წ. ამბოხებული დეპუტატების შესაძლო გარიცხვას, ბესელიას თქმით, ამასთან დაკავშირებით შეხვედრაზე არ უსაუბრიათ.

ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დღეს მედიატორის ფუნქცია შეასრულა და მანამდე გაკეთებული განცხადება, რა დროსაც, მან ბესელია გუნდურობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა, არ გაუმეორებია.

„მე იგივე პოზიცია მაქვს და კითხვები გარიცხვაზე, წასვლაზე, მოსვლაზე - საერთოდ, არ დასმულა ეს საკითხები და გთხოვთ, ნუ დააპატარავებთ ამ მნიშვნელოვან პროცესს,“ - ამბობს ბესელია.

ბესელიას თქმით, ამ ეტაპზე არ დგას ასე საკითხი დღეს, რომ მან დატოვოს საპარლამენტო უმრავლესობა.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფის დატოვებას, ეკა ბესელია აცხადებს, რომ სამუშაო შეხვედრები ღია ფორმატში უნდა წარიმართოს და განხილვებში ყველა მხარე ჩაერთოს.

დღის ამბები