დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ზაზა ბერიკაშვილი მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
მოსამართლე მამუკა წიკლაურმა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის პატიმრობაში დარჩენასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და ის 5 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
თელავის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა, სადაც მხარეებმა ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელეს. ბრალდებული დარბაზში ტრანსფარანტებით მივიდა - სადაც ეწერა "შეკვეთილი განაჩენი, ოცნების სირცხვილი"," ნულოვანი ტოლერანტობა, ყველა ციხეში, დღესაც ძალაშია".
ამ ფაქტს მოსამართლესა და ბრალდებულს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, რის შემდეგაც მოსამართლემ მას განუმარტა, რომ წესრიგს არღვევდა.
ბერიკაშვილი 16 დეკემბერს, თელავში მომხდარი ინციდენტის გამო ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.
საქმის არსებითი განხილვა 12 თებერვალს ჩაინიშნა.