„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე,“ - ეს განცხადება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა „კურიერის“ მიერ დასმული შეკითხვის პასუხად გააკეთა.
იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ დღევანდელი დღე, როდესაც ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს 30-ე წევრი ხდება და ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი ნატო-ს შტაბ-ბინაში მოეწერა, იმის მაჩვენებელია, რომ ალიანსის კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატო-ს სტანდარტებს აკმაყოფილებენ.
„დღევანდელი დღე აჩვენებს, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ნატო-ს სტანდარტებს, იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და პიროვნულ თავისუფლებას. იმედის მომცემია, რასაც საქართველოში ვხედავთ. ერთგულება რეფორმების, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერების, გამჭვირვალობის, სასამართლო რეფორმების მიმართ. ასევე, მივესალმებით ნატო-ს ლიდერთა მხრიდან ერთგულებასაც, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, რაც ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა. ჩვენ ინტენსიურს ვხდით ჩვენს თანამშრომლობას და მადლიერი ვართ იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს ჩვენს მისიებში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი დღე მაკედონიისთვის ისტორიულია. ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს 30-ე წევრი ხდება. ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი ნატო-ს შტაბ-ბინაში მოეწერა. დღეიდან, ქვეყანა ალიანსის ყველა შეხვედრას დაესწრება და მას შემდეგ, რაც ნატო-ს წევრი ქვეყნები პროტოკოლის რატიფიცირებას მოახდენენ, ის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდება.