19 მაისი 2024,   03:26
ვრცლად
"გაკოტრებულ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე" - ოპოზიცია მოსამართლეების შესახებ ბესელიას ინიციატივის ჩაგდებას აფასებს

დატოვებს თუ არა ეკა ბესელია დღეს "ქართულ ოცნებას" - საგანგებო განცხადების გაკეთებას იურიდიული კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი 12:00 საათისთვის აპირებს. უახლოეს მომავალში უნდა გაირკვეს გედევან ფოფხაძის საკითხიც. რაც შეეხება, ე.წ. ამბოხებულების კიდევ ერთ წარმომადგენელს - ლევან გოგიჩაიშვილს, მან საპარლამენტო უმრავლესობა უკვე დატოვა. ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადავადებას ითვალისწინებდა - პარლამენტმა გუშინ მხარი არ დაუჭირა.

ინიციატივას ხმა მისცა ოპოზიციამ სრული შემადგენლობით. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ინიციატივის ჩავარდნა ივანიშვილის დაკვეთა იყო. 

"მთელი უბედურება რაშია იცით, გულით ეთანხმებოდნენ ქალბატონ ბესელიას, მაგრამ ვერ გაბედეს მხარი დაეჭირათ ამ კანონპროექტის ავტორისთვის და შესაბამისად კანონპროექტისთვის, რატომ? ვინაიდან ივანიშვილისგან იყო შესაბამისი დავალება, რომ მათ არ უნდა მიეღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა,"-აცხადებს ნიკა მელია.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" სრულიად ოპოზიციისა და საზოგადოების კონსენსუსსაც კი აღარ ითვალისიწინებს და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე არ ფიქრობს.  

"გაკოტრებულ ხელისუფლებასთან, ივანიშვილის გუნდს ვგულისხმობ, გვაქვს საქმე რომელიც იმ საკითხშიც კი, სადაც სრული კონსენსუსია მთელი პოლიტიკური სპექტრის მათ გარდა, აქაც არ სურთ რომ გადახედონ იმ კურსს, რომელმაც ჩიხში შეიყვანა ქვეყანა,"-აცხადებს გიგა ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ ბესელიას ინიციატივა სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 5 წლით შეჩერებას ითვალისწინებდა. გუშინდელ სხდომაზე მან მკაცრად გააკრიტიკა კოლეგები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გავლენის ქვეშ მოქცევაში დაადანაშაულა. ბესელიას ინიციატივას მხარს ოპოზიცია სრული შემადგენლობით და უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი უჭერდა მხარს.

დღის ამბები