19 მაისი 2024,   03:46
ვრცლად
საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის ამ ეტაპზე ის აუცილებელი მოცემულობა, რომელიც „ოცნებას“ მიზნად აქვს დასახული - მათიკაშვილი

„საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის ამ ეტაპზე ის აუცილებელი მოცემულობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მიზნად აქვს დასახული,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

დეპუტატი გუნდიდან ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების წასვლის შეფასებისას ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით, უმრავლესობა არ დაშლილა.

„ყველამ მიიღო გადაწყვეტილება, თავისუფალნი არიან გადაწყვეტილების მიღებაში, ისინი დეპუტატები არიან საქართველოს პარლამენტის, უმრავლესობა ამით არ დაშლილა. საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის ამ ეტაპზე ის აუცილებელი მოცემულობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მიზნად აქვს დასახული. მოგეხსენებათ, კონსტიტუცია არის მიღებული, შესაბამისად, თუკი საკონსტიტუციო უმრავლესობის კუთხით, რაიმე სახის პრობლემა შეიქმნება, ეს არ ქმნის მთლიან პრობლემას უმრავლესობისთვის. ხოლო ცალკეული დეპუტატების გადაწყვეტილება, ეს ცხადია, მათი გადაწყვეტილებაა, მათი პოლიტიკური დღის წესრიგია, მათი პოლიტიკური მომავალია,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

როსტომ მეფის სასახლეში კონსულტაციები დღეიდან განახლდება. ვინ შეიძლება დაიბაროს ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში ამჯერად და რა ფორმატში გაიმართება ეს შეხვედრები, უცნობია. პარასკევს ბიძინა ივანიშვილს ის პირები შეხვდნენ, ვინც ეკა ბესელიას კანონპროექტს კენჭისყრის დროს მხარი დაუჭირა.

"ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა გასულ კვირას დაკარგა, როდესაც გუნდი ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა დატოვეს. დღეს კი გუნდიდან წასვლა დაადასტურა გედევან ფოფხაძემ.

არსებული ინფორმაციით, წყალგამყოფი "ოცნებაში" ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტი გახდა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2024 წლამდე გადადებას ითვალისწინებდა. ბექა ნაცვლიშვილმა კი უმრავლესობა საპენსიო რეფორმის ჩავარდნის გამო პარასკევს დატოვა. 

დღის ამბები