17 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
ვთხოვთ საგამოძიებო ორგანოს, გამოაქვეყნოს ხაზარაძის და ჯაფარიძის დაკითხვის ოქმები - ადვოკატი

"თიბისი ბანკის" დამფუძნლების ადვოკატი ითხოვს, რომ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მოწმედ დაკითხვის ჩვენებები პროკურატურამ გაასაჯაროოს. ზვიად კორძაძემ მანამდე განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ "თიბისი ბანკის" საქმეზე გამოძიება გრიფით საიდუმლო მიმდინარეობს. 

თუმცა რამდენიმე წუთის წინ ადვოკატმა კიდევ ერთი განცხადება გაასაჯაროვა, სადაც აღნიშნა, რომ პროკურატურა საქმეზე გრიფით საიდუმლო გამოძიების მიმდინარეობას არ ადასტურებს. სწორედ ამის გამო, ზვიად კორძაძე ითხოვს, რომ საგამოძიებო უწყებამ ბანკის დამფუძნებლების ჩვენებები გაასაჯაროოს. 

"ჩემი განცხადების პასუხად პროკურატურამ განმარტა რომ საქმეს არ ადევს გრიფი საიდუმლო.
აღნიშნული გარემოების და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე დიდია საზოგადოებრივი ინტერესი, რასაც თავად პროკურატურაც ადასტურებს, ვთხოვთ საგამოძიებო ორგანოს, სრულად გამოაქვეყნოს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მოწმედ დაკითხვის ოქმები. მით უფრო რომ ასეთი პრეცედენტი მან უკვე შექმნა ჩვენების ცალკეული ნაწილის გამოქვეყნებით. აღნიშნული გამორიცხავს ჩვენებიდან ამონარიდებით არასწორი წარმოდგენების შექმნას და საზოგადოებას თავად მიეცემა საშუალება გააკეთოს დასკვნები,"- აღნიშნავს ზვიად კორძაძე. 

"თიბისი ბანკის" საქმის პროკურორმა მედიას გუშინ საგანგებო ბრიფინგზე ისედაც ცნობილი ფაქტები თავიდან უამბო. საგამოძიებო უწყება დღეს ამტკიცებდა, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 17 მილიონი დოლარი მათთან დაახლოებული ბიზნესმენის დახმარებით გაათეთრეს. ბიზნესმენის გვარი პროკურორს არ უხსენებია, თუმცა „კურიერის“ ინფორმაციით, მთავარი პროკურატურა ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელს, ვატო წერეთელს გულისხმობდა. წერეთელი ამ დრომდე არ დაუკითხავთ. 

გუშინდელ ბრიფინგზე ინიციალებით მოიხსენიეს „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ფულის გათეთრების სქემის მონაწილე პაატა ღაძაძეც იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები