ხმაურიანი სპეცოპერაციების სერია ფონიჭალაში - უკვე მესამე დღეა, ქვემო ფონიჭალაში კრიმინალური პოლიციის სპეცრაზმია მობილიზებული. სპეცოპერაციები ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით პირების დასაკავებლად ერთდროულად რამდენიმე ადგილას ჩატარდა. დღეს დილიდან ისევ განახლდა პროცესი.
„დილის 04:00 საათზე შემოვიდნენ ოჯახში იარაღებით, ეძებდნენ ნარკოტიკებს, მაგრამ რომ ვერ იპოვეს, მალევე წავიდნენ. შემდეგ ბოდიში მოგვიხადეს, მაგრამ ბოდიში არ გვჭირდება. ასე როგორ შეიძლება, პატარა ბავშვები გვყავს. დილას ადრე დაარბიეს მთლიანი სახლი,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციების გამო, მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ სამართალდამცავებმა მათ ნარკოტიკი ჩაუდონ.
„მე ვუთხარი, რომ ამოწმებ, მე ხომ იქ უნდა ვიყო. ავტომატი მოგვიშვირეს. უხეშად გვითხრეს, დაჯექიო. თუ ჩემი შვილი დამნაშავეა, მე არ ვარ წინააღმდეგი, დააკავონ. როგორც დედა, ვიცი, რომ სხვა დედებიც ტირიან ამ ამბის გამო. მაგრამ ასე შემოვარდნა არ შეიძლება. სახლში მოხუცია. არის ავადმყოფი, არიან ბავშვები, შეგვეშინდა ძალიან. არანაირი მტკიცებულებები არ არის. სახლში არაფერი გვქონია. მე არ ვიცი, იქნებ ჩაგვიდეს რამე,“ - ამბობს ფონიჭალაში მცხოვრები.
დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. დაკავებულთა შორის არის 31 წლის მამაკაცი, რომელიც სამართალდამცველებმა სახლიდან აიყვანეს.
სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულების ოჯახის წევრები სამართალდამცველებს ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებენ.
დაკავებულის მეუღლე ამბობს, რომ სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს და ამის შემდეგ დააკავეს მისი მეუღლე. დაკავებულის მშობლები ამბობენ, რომ ჩხრეკას არ დაასწრეს და რძლის გადმოცემით იციან, რომ მის შვილს ნარკოტიკული საუშალება ჩაუდეს ჯიბეშიც.