17 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
გაფლანგული მილიონები და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები - ფოთის, სენაკის და ჩოხატაურის მერები შესაძლოა, დაიჭირონ

ფოთში, სენაკსა და ჩოხატაურში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მილიონობით ლარის გაფლანგვა დაადგინა. მასალები უკვე პროკურატურაშია. ირკვევა, რომ მერია კერძო კომპანიებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოს უკვეთავდა, თუმცა, სამუშაოები უხარისხოდ, იაფიანი მასალებით სრულდებოდა.

აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, ფოთის მერიამ ფული გაფლანგა და უხარისხო სამუშაოებში ასობით ათასი ლარი გადაიხადა.

ფოთში, აღმაშენებლის გამზირზე, კორპუსების რეაბილიტაცია 2013 წელს დაიწყო. ფასადის და მანსარდული სართულის მოპირკეთების მიზნით, შენობებს სახურავი ისე ახადეს, თუმცა, გადასახური მასალა ნაყიდი არ იყო. კორპუსს თუნუქის ნაცვლად, დროებით პოლიეთილენი გადააფარეს. უკვე რამდენიმე წელია, ბოლო სართულებზე ყველა ბინაში წყალი ჩამოდის.

მერიის რეაბილიტირებული კორპუსი ნაწილ-ნაწილ იშლება. ფასადზე ხალხს ქვის მოაჯირები დაუყენეს, რომელიც ქუჩაში ცვივა. მოსახლეობა ამბობს, რომ უხარისხო სამუშაოებმა შესაძლოა, ნებისმიერ წუთს ვინმეს სიცოცხლე იმსხვერპლოს. ადგილობრივები მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ.

კურიერის კითხვამ, რატომ ჩაიბარა მერიამ უხარისხოდ შესრულებული სამუშაო, რაშიც ასობთ ათასი ლარი გადაიხადა, ფოთის მერის მოადგილე დააბნია. საბოლოოდ კი მას იმის აღიარება მოუწია, რომ პასუხისმგებელი წყალში გადაყრილ ფულზე ქალაქის ყოფილი მერი, ირაკლი კაკულიაა, რომელიც ახლა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

ყოფილი მერი კურიერის კითხვებს დაემალა.

აუდიტის 67-გვერდიან დოკუმენტში საუბარი მხოლოდ აღმაშენებლის გამზირზე უხარისხოდ რეაბილიტირებულ დარღვევებს არ ეხება. ფული შავი ზღვის სანაპიროს რეაბილიტაციაზეც გაფლანგეს.  

პროკურატურა შეისწავლის სენაკში განხორციელებულ პროექტებსაც. სახელმწიფო აუდიტმა შემოწმების შედეგად აქაც ბევრი დარღვევა გამოავლინა. მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯულია მილიონები, შედეგი კი არ არის.

სენაკის მერი, ლევან კუპრეიშვილი, საუბრის დასაწყისში ამტკიცებდა, რომ აუდიტის კრიტიკული დასკვნა მის პერიოდს არ ემთხვევა. თუმცა, საბუთების გაცნობისას გაირკვა, რომ მისი წინამორბედის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები სწორედ მან ჩაიბარა. მათ შორის, სოფელ შხეფის გზაზე ხიდბოგირია.

აუდიტორების დასკვნით, ჩოხატაურში განხორციელებული, თითქმის, არცერთი პროექტი არ ფუნქციონირებს. მაკონტროლებელმა უწყებამ იმ ობიექტების 10-მდე მაგალითი მოიყვანა, სადაც სამუშაოები ჩატარდა, ბიუჯეტის ფული დაიხარჯა, შედეგი კი არ დადგა.

აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ სოფელი ბუკისციხის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩოხატაურის მერიამ 50 ათას ლარზე მეტი დახარჯა. თუმცა, ის დაზიანებულია.

 

 

დღის ამბები