მუქარა შს მინისტრისგან და შანტაჟი ეროვნული ბანკისგან - TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ამ განცხადებებს, არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან.
როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ეს ბიზნესზე ზეწოლის პირველი შემთხვევა არ არის და ადგილი აქვს სახელმწიფოს მიტაცების მზარდ ტენდენციებს.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, ქვეყანაში ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი პარტიისა და არაფორმალური დაჯგუფებების მიერ.
არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, გაასაჯაროოს მამუკა ხაზარაძემ შს მინისტრისგან მიღებული წერილი და ასევე ითხოვენ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.
"ბოლო წლების განმავლობაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიზნესმენები ხელისუფლების წარმომადგენლებისა თუ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული გავლენიანი პირების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ. თუ ხაზარაძის განცხადებას უფრო ფართო კონტექსტში განვიხილავთ, ის კიდევ უფრო ამყარებს ჩვენ მიერ არაერთხელ გამოთქმულ შეშფოთებას არაფორმალური მმართველობის ნიშნებისა და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენციის შესახებ, რაც მოიცავს დიდი ძალაუფლების კონცენტრაციას მმართველი პარტიისა და გავლენიანი პირების არაფორმალური დაჯგუფების ხელში და მათ მიერ საჯარო ინსტიტუტების გამოყენებას კერძო მიზნებისა და ინტერესებისთვის.
რადგან არ გვაქვს იმედი რომ სამართალდამცავი უწყებები მოახდენენ მამუკა ხაზარაძის განცხადებებზე ადეკვატურ რეაგირებასა და მიუკერძოებელ გამოძიებას მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს - შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის დეტალურ შესწავლას საჯარო სხდომებზე,"-ნათქვამია არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაში.