ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის მოსახლეობა საძოვრების გაყიდვას აპროტესტებს.
საუბარია 15 ჰექტარ მიწის ფართობზე, რომელიც, ადგილობრივების მტკიცებით, 2017 წელს მათგან ფარულად კერძო პირებზე გასხვისდა.
სოფლის მოსახლეობის განცხადებით, სოფელს მიწა 49-წლიანი იჯარით ჰქონდა აღებული, თუმცა, ყოფილი გამგებლის, ილია მზექალაშვილის, დროს აუქციონი ისე გამოცხადდა, რომ მოსახლეობას არ შეატყობინეს.
„ორი წლის წინ გავიგეთ, რომ გაიყიდა. ახალ გამგებელთან რომ ვიყავით, ჩემს ხელში არ გაყიდულა და სასამართლოს გადაეცით, უკანონოდ არისო. კანონიერად რომ ყოფილიყო, ჯერ ხომ ჩვენთვის უნდა ეთქვათ და მერე კიდევ, თუ ყიდვაა, ჩვენ ვიყიდიდით, საძოვრებად გადავიფორმებდით,“ - აცხადებს ზინობიანის მოსახლე, მიხეილ ქუმსიაშვილი.
ზინობიანელებმა სარჩელით სასამართლოს უკვე მიმართეს.
სოფელი მესაქონლეობით ირჩენს თავს. მიწის დაუბრუნებლობის შემთხვევაში არ გამოირიცხება, რომ მათ საქონლის გაყიდვა მოუწიოთ.
სოფლის ხელმძღვანელმა პირებმა კი მხოლოდ ის იციან, რომ მიწა სახელმწიფომ გაყიდა. დამატებით დეტალებზე ისინი არ საუბრობენ.