17 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
"ძალიან ცუდი გადაწყვეტილება" - "ოცნებიდან" წასულები ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე

ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მისი ყოფილი თანაგუნდელები ეხმაურებიან.

თინა ხიდაშელი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ საქართველოს პარტნიორებს დადებითი დამოკიდებულება არა აქვს და მისი დაბრუნება ქვეყანაზე ცუდ გავლენას მოახდენს.

„ქვეყნისთვის ეს არის ძალიან ცუდი  გადაწყვეტილება. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის ძალიან ცუდი გზავნილი იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იყო ის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომლის მიმართაც ჩვენს პარტნიორებს არცთუ მაინცდამაინც კეთილგანწყობილი და დადებითი დამოკიდებულება ჰქონდათ,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება გუბაზ სანიკიძეც.

ის აცხადებს, რომ ღარიბაშვილი არის ივანიშვილის მორჩილი და მის ყველა ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებს. ამიტომაც მას სწორედ ღარიბაშვილის მსგავსი კადრი სჭირდებოდა.

გუბაზ სანიკიძის თქმით, ძალიან ბევრისთვის ქართული ოცნების გუნდში ღარიბაშვილის დაბრუნება არასასურველია.

„ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩანს, პირობა ჰქონდა მიცემული ორივე მხარისთვის, დასავლეთისთვისაც  და რუსეთისთვისაც და მან, როგორც ჩანს, გააკეთა არჩევანი. ოპტიმისტურად იქცევიან, მაგრამ ვერ დამალავენ იმიტომ, რომ იქ ძალიან ბევრი ადამიანი იყო, როცა ღარიბაშვილი გაგდებულ-გაძევებული იქნა. წიხლიც მიაყოლეს მაშინ ღარიბაშვილს. კალაძე არ უნდა იყოს მაინცდამაინც ბედნიერი, არც გახარია,“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ანი მიროტაძე კი მიიჩნევს, რომ ქართულ ოცნებას რესურსი აღარ დარჩა და მნიშვნელობა არ აქვს, ვის დააბრუნებს ბიძინა ივანიშვილი გუნდში.

„პოლიტიკური კრიზისი არის მის პარტიაში და პარტიის გარეთაც. ქვეყანაში არის კრიზისი. განსაკუთრებით დაანახებდა მას ეს არჩევნები იმიტომ, რომ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ქართულმა ოცნებამ ეს არჩევნები წააგო. რამდენიც არ უნდა მოაბრუნონ, ღარიბაშვილს მოაბრუნებენ, შეიძლება, კვირიკაშვილიც მოაბრუნონ ან ვიღაცეებიც კიდევ მოაბრუნონ, მე ამ რესურსს ვერ ვხედავ, რომ ქართული ოცნება მოახერხებს და დარჩება ხელისუფლებაში,“ - განაცხადა ანი მიროტაძემ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები