ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ყოფილმა პრემიერმა ქართულ ოცნებაში გიორგი ვოლსკის თანამდებობა გადაიბარა და ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი გახდა.
სათადარიგო მოთამაშე პოლიტიკურ მოედანაზე ბიძინა ივანიშვილმა სამწლიანი პაუზის შემდეგ დააბრუნა.
კურიერს ინფორმირებული წყარო ქართული ოცნებიდან უყვება, რომ ღარიბაშვილს ივანიშვილმა პარტიის მართვის ბერკეტები სრულად გადააბარა და დანარჩენები თანამდებობაზე სიმბოლურად რჩებიან. გადაწყვეტილების მიღების დროს კი პარტიის წევრებს უთხრა, რომ ქაოსს, რომელიც მმართველ პარტიაშია, მხოლოდ ღარიბაშვილი დაალაგებს.
ქართული ოცნების დეპუტატები დღეს პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ღარიბაშვილის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სიის პირველი ნომერი იქნება და ახალ გუნდსაც ის დააკომპლექტებს.
არ არის გამორიცხული, შიდა რევოლუციური პროცესები ქართულ ოცნებაში პარლამენტის თავმჯდომარის ვადაზე ადრე გადადგომით დასრულდეს. ერთ-ერთი ვერსიით, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წევრი აპრილში გახდება, ის კენჭს მთაწმინდის მაჟორიტარად იყრის და პარლამენტის მართვის სადავეებს 2020 წლამდე ჩაიბარებს.
ქართლი ოცნებიდან დემარშით წასული ეკა ბესელია ფიქრობს, რომ კობახიძის დაჯგუფება ოცნებისთვის უკვე წარსულია და ღარიბაშვილის დაბრუნებით ეს ოფიციალურად დადასტურდა.
ირაკლი ღარიბაშვილის ქართულ ოცნებაში დაბრუნება "მკვდარი სულების გაცოცხლებაა" ოპოზიციისთვის. მმართველი პარტიის პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, რომ ქვეყნის მმართველი ოლიგარქი აგონიაშია და შეცდომას შეცდომაზე უშვებს.