17 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
მამაკაცი, რომელმაც პოლიციის წინ თავის დაწვა სცადა, სამარალდამცავებს მუქარაში ადანაშაულებს

შსს-მ თემქის მეშვიდე განყოფილებასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. რამდენიმე საათის წინ ახალგაზრდა მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ის ამბობდა, რომ პოლიციელები მას ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ, რის გამოც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.

ამ ინციდენტამდე დავით კობახიძემ ინტერვიუ რუსთავი2-ს მისცა, სადაც თქვა, რომ პოლიცია არ რეაგირებდა სათანადოდ მის მოთხოვნაზე, ამიტომ მას ჰქონდა გეგმა, თუ როგორ უნდა ემოქმედა.  

„ფაქტია, აღძრული სისხლის სამართლის საქმე და მე მინდოდა, ისე გამეკეთებინა, რომ, როგორც მიდგებიან, ისე მივდგომოდი. ახლა ყოველივე აქედან გამომდინარე, რომ ჩადებით დამემუქრნენ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, არ მინდა, რომ განმეორდეს ვინმე კიდევ სხვა მოქალაქეზე. მე ბევრ ფაქტს მივმართე. ადრე იყო, რომ ხან ფსიქიატრიულში გამაქანეს, ხან წინასწარი დაკავების იზოლატორში, რომ პოლიციას წინააღმდეგობას ვუწევ და ა.შ. მაგრამ ახლა მაქვს სულ სხვა გეგმები,“ - განაცხადა დავით კობახიძემ.

ის, რომ თავის დაწვას აპირებდა, დავით კობახიძემ პოლიციის თანამშრომლებს უთხრა. შენობიდან გამოსულმა კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. პოლიციელები შენობიდან მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც მომხდარის შესახებ მათ რუსთავი2-მა აცნობა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები