17 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
ზუგდიდში "ლიბერთი" ბანკის საინკასაციო მანქანაზე თავდასხმისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ზუგდიდში, ლიბერთი ბანკის ინკასაციის დაყაჩაღებაში ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. წინასასამართლო სხდომა 15 აპრილს არის ჩანიშნული. 

ომარ ხუხუა, რომელიც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს თანამშრომელია და მასთან ერთად დაკავებული გელა ჯიქია დანაშაულს აღიარებენ და გამოძიებასთან თანამშრომლობენ. 

არც ერთი მათგანი მოპოვებულ მტკიცებულებებს სადაოს არ ხდის და ადვოკატის აყვანაზე უარი განაცხადეს. 

გელა ჯიქიას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი - 179-ე, 143-ე, 236-ე, 118-ე მუხლებს ედავება. ხოლო, ჯიქიასგან განსხვავებით, ომარ ხუხუას ბრალი კიდევ ერთი - 237-ე მუხლოთ აქვს წარდგენილი, რომელიც მის ბრალეულობას ამძიმებს. კერძოდ, ხუხუამ ყაჩაღობის დროს ინკასატორი დაჭრა, რის შემდეგაც მას ხელიდან სამსახურის იარაღი გამოსტაცა და ფულთან ერთად წაიღო.

ყაჩაღობის ფაქტი ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, შეიარაღებული ომარ ხუხუა და გელა ჯიქია ლიბერთი ბანკის საინკასაციო მანქანას თავს დაესხნენ და იარაღის მუქარით თანხა გაიტაცეს. შემთხვევის დროს დაიჭრა ინკასატორი.

პოლიციამ ომარ ხუხუას და გელა ჯიქიას დაკავებისას ნივთმტკიცებად ამოიღო იარაღები, ნიღბები და 100 ათას ლარზე მეტი თანხა, რომელიც მათ საინკასაციო მანქანიდან გაიტაცეს. ასევე ნაპოვნია მანქანა, რომელიც საინკასაციო მანქანის დაყაჩაღებამდე იარაღის მუქარით ბოროტმოქმედებმა ელექტროქვესადგურის თანამშრომელს წაართვეს. სწორედ გატაცებული მანქანით იმყოფებოდნენ საინკასაციო მანქანის დასაყაჩაღებლად თავდამსხმელები.

 

დღის ამბები