ცხოველებზე ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევა - ნაგავსაყრელიდან პარკში გახვეული ლეკვები ამოიყვანეს. ლეკვები გადარჩნენ, თუმცა, ცხოველთა დამცველები ამბობენ, რომ სასტიკი მოპყრობის ფაქტები მკვეთრად გაზრდილია.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ძალადობის გამო, კანონი გამკაცრდა და პატიმრობას ითვალისწინებს, ცხოველთა უფლებადამცველების შეფასებით, კანონმდებლობა ბუნდოვანია და ის გამკაცრების ნაცვლად, სადამსჯელო ღონისძიებებს კიდევ უფრო არბილებს.
ცხოველებზე ძალადობის მუხლით კი ამ დრომდე სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.
„ამას აქვს მასიური ხასიათი, როგორც რაიონებში, ისე თბილისში. ის, რომ წყალში ახრჩობენ და უპატრონოდ ტყეში ყრიან, ამის მასშტაბები არის ძალიან სერიოზული, მაგრამ ისიც, რომ ნაგვის კონტეინერებში ყრიან თავწაკრული ტომრებით ლეკვებს და კნუტებს, ესეც საკმაოდ დიდი და ხშირი შემთხვევებია. თვითონ ეს კანონიც არ არის გამკაცრებული, აბსოლუტურად არ არის გააზრებული,“ - აცხადებს ცხოველთა დამცველი.