ქართველი დიზაინერის შოუ-რუმები პარიზსა და მილანში - ქეთი ჩხიკვაძის 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ბაიერებმა, ჟურნალისტებმა და მუდმივმა კლიენტებმა შეაფასეს. მის მოდელებს მომხმარებლები, ევროპის გარდა, არაბული ქვეყნებიდანაც გამოუჩნდნენ.
ახალი კოლექცია დიზაინერმა პარიზის ცენტრში, შანზელიზის გვერდით, პრესტიჟულ სასტუმროში წარადგინა.
მოდელები სხვადასხვა ასაკის ქალებისთვის აქვს გათვლილი. წლევანდელ კოლექციაში დიზაინერმა აქცენტი კუბოკრულ ფერებზე გააკეთა და მოდელები სხვადასხვა ფორმის დეტალებით გააწყო. განსაკუთრებული სიახლე კი მის ნამუშევრებში ნეონის ფერებია.
პარიზში ქეთი ჩხიკვაძე მილანიდან ჩავიდა, სადაც ასევე საკუთარი შოურუმი ჰქონდა. სწორედ ამ ორ ქალაქში აწყობს შოურუმებს უკვე მე-10 წელია, ფეშენ ვიკების პერიოდში.
2020 წლის კოლექციას დიზაინერი შეკვეთების შესაბამისად სხვადასხვა ქალაქში გაანაწილებს. მის მომდევნო კოლექციას კი მუდმივი კლიენტები კვლავ პარიზის ცენტრში, ჩვეულ ადგილას დაელოდებიან.
ავტორი: მაია გოგსაძე