ექსკლუზივი - კურიერმა დაადგინა ის ადგილი, საიდანაც თიბისი ბანკზე კიბერშეტევა განხორციელდა.
კურიერის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძის მიერ 5 თვის წინ შინაგან საქმეთა სამინსიტროსთვის გაგზავნილ წერილში წერია, რომ თიბისი ბანკზე იერიში რუსთაველის გამზირის N12-დან - კავშირგაბმულობის სამინისტროს ყოფილი შენობიდან, მიიტანეს.
კიბერთავდასხმის დროს მაშინ მცირე ხნით ბანკის ელექტრონული სერვისები გაითიშა.
რუსთაველის გამზირზე ტროლების და კიბერთავდამსხმელების ჯგუფს თიბისი ბანკის აიტისამსახურმა მიაკვლია და მასალები შსს-ს გადასაცა.
რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობას ოთხი მფლობელი ჰყავს - ავიაკომპანია აირზენა, შპს ნოა-ნოა, ეთერ გაიაშვილი და კომპანია სილქნეტი.
შენობაში შესვლა საშვის გარეშე შეუძლებელია. დაცვის სამსახური ყველა სართულს აკონტროლებს.
ოფისი, რომელზეც ხაზარაძე საუბრობდა და რომელიც შენობის მესამე სართულზე მდებარეობს, ქართული ოცნების პრესამსახურის უფროსს, კოკა ყანდიაშვილს, ეკუთვნის.
რამდენიმე წლის წინ ყანდიაშვილმა ოთახები რუსთაველის გამზირზე ტურისტული სააგენტოსთვის იქირავა, თუმცა, ტურების შესაძენად მისული ხალხი რუსთაველის 12-ში არავის უნახავს.
სანდო წყარო კურიერს უყვება, რომ კონსპირაციული ოფისი, სადაც ქართული ოცნების ტროლების დაჯგუფება მუშაობს, შენობის მესამე სართულზეა განთავსებული. დაცვის სამსახურის წინააღმდეგობის მიუხედავად, კურიერმა შენობაში შესვლა მოახერხა.
მას შემდეგ, რაც თიბისი ბანკის დამფუძნებელმა შს სამინისტროში წერილი გააგზავნა და აცნობა, რომ ბანკზე კიბერთავდასხმას რუსთაველის 12-დან განხორციელდა, კონსპირაციული ოფისის დაცლა დაიწყეს, ახლა იქ მხოლოდ რამდენიმე კომპიუტერია დარჩენილი.
კურიერის ინფორმაციით, შენობის მფლობელთან მოლაპარაკებაზე პარტია ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, კოკა ყანდიაშვილი, იმყოფებოდა. რუსთაველის 12-ში დაადასტურეს, რომ ყანდიაშვილი ტროლების დაჯგუფების ოფისში ხშირად დადიოდა.
კურიერმა მოიპოვა კონსპირაციულ ოფისში დასაქმებული იმ ადამიანების სია, ვინც საზოგადოებისათვის ცნობილ სახეებსა და პოლიტიკოსებზე ყალბ ახალ ამბებს იგონებდნენ და ავრცელებდნენ. სიაში პირველი ალექს ამაზაშვილია. ის კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტია.
საიდუმლო ოფისის თანამშრომელთა 17-კაციან სიაშია ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი. მან კურიერთან საუბრის დროს დაადასტურა, რომ რუსთაველის გამზირზე ოფისში ქართული ოცნების პრესამსახურის უფროსმა, კოკა ყანდიაშვილმა, დაასაქმა.
ყანდიაშვილი რამდენიმე დღეა, კურიერს ემალება.
ერთ-ერთი ვერსიით, კოკა ყანდიაშვილთან ერთად ტროლების და ბოტების მუშაობას სოციალურ ქსელში უშიშროების ყოფილი მინიტრის მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის, ტელევიზიის სახე - შალვა რამიშვილიც აკონტროლებს. თუმცა, რამიშვილი აცხადებს, რომ რუსთაველის 12 ნომერში ოფისი არასდროს ჰქონია.
ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე კი ამტკიცებს, რომ კოკა ყანდიაშვილი ლაშა ნაცვლიშვილის დავალებით მოქმედებს, ტროლებისა და ბოტების მუშაობისთვის კი მათ კავშირგაბმულობის ყოფილი შენობა საგანგებოდ შეარჩიეს.
თიბისი ბანკზე 5 თვის წინ გახორციელებული კიბერთავდასხის შესახებ მამუკა ხაზარაძემ საკანონმდებლო ორგანოში ისაუბრა.
ავტორი: ნოდარ რუხაძე