შაბათის კურიერმა იმ შუამავლის ვინაობა გაარკვია, ვინც თიბისი ბანკის დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა მინისტრისგან მუქარის წერილი მიუტანა.
კურიერმა გაარკვია, რომ სკანდალური გზავნილი ხაზარაძეს გიორგი გახარიას მეზობელმა ბიზნესმენმა, თიბისინ ბანკის დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ, გადასცა.
ერთ-ერთი ვერსიით, შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტში შედგა, მეორე ვერსიით კი, ბადრი ჯაფარიძეს გახარიამ მუქარის გზავნილი ავტოფარეხში გადასცა.
შუამავლის ვინაობა კურიერს თიბისი ბანკის დამფუძნებლის გარემოცვიდან ორმა დამოუკიდებელმა წყარომ დაუსახელა. ის შს მინისტრის, გიორგი გახარიას მეზობელია. თბილისში, ამაღლების 12-ში გახარია მეორე სადარბაზოში ცხოვრობს, ბიზნესმენი კი პირველში.
გიორგი გახარია დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულ კორპუსში ცხოვრობს. მისი მეზობლები არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი, თავდაცვის ექსმინისტრი, დავით კეზერაშვილი და სხვა გავლენიანი ბიზნესმენები, მათ შორის ის, ვინც ხაზარაძეს სკანდალური წერილი მიუტანა.
მუქარის გზავნილის მიხედვით, რომელიც პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა, თიბისი ბანკის დამფუძნებელს სამი პირობის შესრულებას სთხოვდნენ.
პირველი - ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეიმედის მსგავსად, ჩაერთოს ომში ოპოზიციის წინააღმდეგ. მეორე - ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. მესამე - ტელეკომპანია არტარეა, რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, პოლიტიკურ კამპანიაში ჩაერთოს.
როგორც გაირკვა, მამუკა ხაზარაძემ მეორე პირობა, რომელიც ყოფილი ხელისუფლების კრიტიკას ეხებოდა, შეასრულა. თუმცა სანდო წყარო კურიერს უყვება, რომ წერილი თიბისი ბანკის დამფუძნებელს საკუთარი ხელით არ აუკრეფია. კურიერის წყაროს ცნობით, მამუკა ხაზარაძე ტექსტს მის მდივანს კარნახობდა.