მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის არსებულ დაპირისპირებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე ეხმაურება.
დოლიძე ამბობს, რომ ეკა ბესელიას დამის თანამოაზრეებს, სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით მკვეთრი პოზიციის დასაფიქსირებლად დიდი დრო დასჭირდა, რამაც ვითარება კიდევ უფრო გაართულა.
„ორივე კანონპროექტი იტოვებს გზას, რომ წარიმართოს მოლაპარაკებები კლანთან, რომ იმ სიაში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც მისაღები იქნება ან ოცნება 1-ისთვის ან ოცნება 2-ისთვის. ეკა ბესელიას თანდასწრებით, მონაწილეობით და სულ მცირე, მას ნანახი ექნება ის უმწვავესი განცხადებები და უმწვავესი დებატები სწორედ ადეიშვილის ნარჩენებზე, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო უმწვავეს დონეზე იუსტიციის საბჭოში. სამწუხაროდ, ერთი წელი დასჭირდა მას, რომ მკვეთრი და პრინციპული პოზიცია დაეკავებინა,“ - ამბობს ანა დოლიძე.
დღეს პარლამენტში უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება. ერთი საპარლამენტო უმრავლესობამ, მეორე კი უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ მოამზადა.