სამეფო კარის თამაშების ახალი სეზონი ბაგრატიონთა დინასტიისგან - ამჯერად დედოფალი მეფეს სასამართლოში უჩივის და თვალთმაქცობაში ადანაშაულებს.
ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ოჯახის თქმით, მათი ყოფილი სიძე, დავით ბაგრატიონ მუხრანელი უნებართვოდ იყენებს დინასტიის ტიტულატურას, ფულზე ყიდის სხვადასხვა ორდენებს, ისაკუთრებს ყოფილი მეუღლის ისტორიას და იგონებს არარსებულ მეფეებს, რომელსაც შემდეგ მიაწერს საკუთარ გენეალოგიურ შტოს.
საქმე სამართლებრივად იმდენად რთულია, რომ მისი განხილვა საქალაქო სასამართლოში სამი მოსამართლისგან შემდგარ კოლეგიას მოუწევს.
„2017 წლის მარტში მან რაღაც დონეზე მოახერხა ბრიტანეთის სამეფოში შეხვედრა, ბუნებრივია დედოფლის დონეზე არა, თუმცა ბრიტანეთის სამეფოში შეხვდნენ და მოხდა საქართველოს სამეფო სახლის სახელით ორდენის გადაცემა. ეს ორდენი არის ჯილდო, რომელიც შეიძლება კონკრეტული დამსახურებისთვის საქართველოს სამეფო სახლმა გადასცეს ვინმეს.
"ამის შემდგომ ერთ-ერთი ავტორიტეტული გამოცემა "Daily Mail"-ის ჟურნალისტი უკავშირდება დავითს, ეცნობა როგორც ადგილობრივი ბიზნესმენი და სთხოვს,რომ მასაც აქვს სურვილი,რომ ეს ჯილდო მიიღოს. ასახელებს კონკრეტულ თანხას, რომლის სანაცვლოდაც ის არის მზად რომ იგივე ჯილდო გადასცეს ნებისმიერ პირს,როგორი ჯილდოც მან გაუგზავნა ელიზაბეტ მეორეს. როდესაც ეს თანხის სანაცვლოდ ხდება ჩრდილი ადგება ნამდვილ სამეფო ოჯახს. რადგან სამეფო ჯილდოების გადაცემა არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე ვინ რამდენ თანხას გადაიხდის,"-აცხადებს ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატი ლევან გორელაშვილი.
მოსარჩელე მხარე ითხოვს, სასამართლომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო სახლის სახელის გამოყენება აუკრძალოს.
უცნობია, დაესწრება თუ არა სასამართლო პროცესს დავით ბაგრატიონ-მუხრანელი. მისი ადვოკატი ლევან ჩხეიძე მოსარჩელე მხარეს თვითმარქვიად მოიხსენიებს. ჩხეიძე ამბობს, რომ მათ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის დნმ-ის ტესტის ჩატარება შესთავაზეს, რათა დაედასტურებინა, რომ ნამდვილად ბაგრატიონების შტოს წარმოადგენდა. ჩხეიძე ამბობს, რომ ნუგზარ ბაგრატიონმა კვლევის ჩატარებაზე უარი განაცხადა, რაც ამძაფრებს ეჭვს, რომ ის თვითმარქვიაა.