17 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
ია კერზაიას საქმე - საია ინსპექტირების საარჩევნო მიზნებისთვის შესაძლო გამოყენებაზე საუბრობს და პროკურატურას მიმართავს 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმე - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" გენერალურ პროკურატურას მიმართავს და მოუწოდებს, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეისწავლოს განათლების სამინისტროში ინსპექტირების საარჩევნო მიზნებისთვის შესაძლო გამოყენების ფაქტი.

არასამთავრობო ორგანიზაცია შედეგებს აქვეყნებს, რომელიც  2018 წელს საჯარო სკოლებში ჩატარებულ ინსპექტირებას უკავშირდება.  საიას კვლევაში ნათქვამია, რომ სკოლებში ინსპექტირების მექანიზმს სავარაუდოდ, საარჩევნო გარემოზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით იყენებდნენ. 

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" ვარაუდობენ, რომ სკოლებში ჩატარებული ინსპექტირება, სწორედ წინასაარჩევნოდ საჯარო მოხელეებზე ზეწოლას უკავშირდება.

კვლევის მიხედვით  ირკვევა, რომ 2018 წელს, საჯარო სკოლების ინსპექტირების მიზნით, სამინისტროში სულ 288 განცხადება დარეგისტრირდა. აქედან  სამინისტრომ მხოლოდ 7 შემთხვევაში ჩაატარა ინსპექტირება. 

როგორც საია-ში აცხადებენ, ნიშანდობლივია დრო ინსპექტირების მოთხოვნიდან ინსპექტირების ჩატარებამდე. უმრავლეს შემთხვევაში მინისტრმა ინსპექტირების დაწყების ბრძანება განცხადების შესვლიდან მალევე გასცა. როგორც ორგანიზაციაში ეჭვობენ,რომ არა მაღალი ინტერესი, თითქმის გამორიცხულია ფორმალური დეტალები წუთებში მოგვარებულიყო.

„2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, მეორე ტურის წინ ჩატარებული 6 ინსპექტირების დაწყების წინაპირობა, იმავე წლის ნოემბერში წარდგენილი განცხადებებია, რომელთაგან 3-ზე (მათ შორის ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით) მინისტრმა იმავე დღეს მიიღო 9-15 ნოემბრის პერიოდში ინსპექტირების განხორციელების გადაწყვეტილება”-ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, საიას ანგარიშში ნათქვამია,რომ ყველა შემთხვევაში მე-6 სკოლის ინსპექტირების საფუძვლად გამოყენებულ განცხადებაში დარღვევების შესახებ მხოლოდ ზოგად ეჭვებზე იყო მითითება და არა რაიმე კონკრეტულ ფაქტზე ან დარღვევის ჩადენის დროზე და არ იკვეთებოდა ინსპექტირების ჩატარების რაიმე საჭიროება.

რაც შეეხება კონკრეტულად ია კერზაიას საქმეს - საიას მიერ მოპოვებული ინფორმაციით დგინდება სამინისტროში შესულ განცხადებებზე ინსპექტირების სამსახურის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოძიების პრაქტიკა.  ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირების საფუძვლად გამოყენებულ განცხადებაში დარღვევების შესახებ კი მხოლოდ ზოგად ეჭვებზე იყო მითითება და არა რაიმე კონკრეტულ ფაქტზე ან დარღვევის ჩადენის დროზე და არ იკვეთებოდა ინსპექტირების ჩატარების რაიმე საჭიროება..

"დასკვნა - ინსპექტირების საფუძვლად გამოყენებული განცხადების განათლების სამინისტროს 5 მოხელის მიერ 8 წუთში განხილვა  აჩენს ეჭვს, რომ წერილის შესწავლა არ მომხდარა სათანადოდ და მისი უმოკლეს ვადაში „განხილვა“  შესაძლოა წარმოადგენდა მიზანმიმართულ, წინასწარ დაგეგმილ ფორმალურ პროცესს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურამდე (28 ნოემბრამდე) ინსპექტირების განხორციელება, სავარაუდოდ მიზნად ისახავდა სკოლის დირექტორზე (ირიბად სხვა სკოლის დირექტორებზე) პოლიტიკური ზეწოლის შესაძლო მოხდენას, რაც არაერთ არჩევნებზე იყო გამოკვეთილი,"-ნათქვამია საიას კვლევაში. .

დღის ამბები