17 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
დავა არარსებული სამეფო ტახტისა და ტიტულებისთვის - დედოფალი მეფეს უჩივის, მეფე კი დედოფლის სამეფო წარმომავლობას არ ენდობა და დნმ-ის ექსპერტიზას ითხოვს

ბაგრატიონების დინასტიის ორი შტო არარსებული სამეფოს, არარსებულ ტახტს ვერ იყოფს - დედოფალი მეფეს უჩივის და ტიტულებით ვაჭრობაში სდებს ბრალს, მეფე კი დედოფლის სამეფო წარმომავლობას არ ენდობა და დნმ-ის ექსპერტიზას ითხოვს.

ბაგრატიონების ორ შტოს შორის არსებულ დაპირისპირებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

ნუგზარ ბაგრატიონი ყოფილ სიძეს სამეფო სახლის ორდენების გაყიდვაში დებს ბრალს და სასამართლოსგან ითხოვს მას სამეფო სახლის სახელით მანიპულირება აეკრძალოს.

დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატის განცხადებით, ნუგზარ ბაგრატიონს ყოფილი სიძე მოუწოდებს, შეწყვიტოს სამართლებრივი დავა, რადგან ეს სამეფო სახლს აზიანებს. ადვოკატი, ლევან ჩხეიძე ამტკიცებს,რომ ნუგზარ ბაგრატიონსა და მის ოჯახს ერთადერთი მიზანი აქვთ, მათ სურთ ,სახელმწიფომ რაიმე ფორმით აღიაროს, რომ ისინი საქართველოს მეფეთა შთამომავლები არიან. ჩხეიძე მოსარჩელე მხარეს სხვისი გენიალოგიის მიმთვისებელს უწოდებს და ეჭვის გაბათილებისთვის დნმ-ის კვლევის წარდგენას სთხოვს.

„დავის მიზანი არის, რომ გრუზინსკების სახლმა რაიმე ფორმით, სახელმწიფოსგან რაიმე ფორმით მიიღოს აღიარება,რომ ისინი არიან საქართველოს სამეფოს სახლი და საქართველოს მეფეთა შთამომავლები. ისინი ამას ვერ ადასტურებენ დოკუმენტურად, რამეთუ მათ არ აქვთ გენეალოგია წესრიგში. ბატონი ნუგზარი ჯიუტად თავს არიდებს დნმ-ს ანალიზის აღებას, რაც კვლავ ამძაფრებს ეჭვს,რომ ჩვენ რეალურად გვაქვს საქმე გამყალბებლებთან,პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ადამიანებთან რომლებიც ითვისებენ სხვის გენიალოგიას, სხვის გვარსა და ღირსებას,“-აცხადებს დავით ბაგრატიონ-მუხრანსკის ადვოკატი ლევან ჩხეიძე.

უცნობია, დაესწრება თუ არა ნუგზარ ბაგრატიონი ყოფილი სიძის წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო დავას. დნმ-ის ტესტთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ ჩაიტარებს თუ არა კვლევას ეს მისი საქმეა.

„მე იქნებ მაქვს კიდეც ჩატარებული ანალიზი იქნებ არ მაქვს ეს არავის ეხება ჩემს გარდა"-განაცხადა „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ

სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება, ცნობილია, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი სასამართლო სხდომას არ დაესწრება. „კურიერის“ ინფორმაციით, პროცესს დაესწრება მისი ყოფილი მეუღლე ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი.

დავით ბაგრატიონ-მუხრანსკის ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს საქმე წარმოებაში არ უნდა მიეღოთ, რადგან ისტორიის კვლევა-ძიება სასამართლოს საქმე არ არის.

ამავე თემაზე
დღის ამბები