ვაჟა-ფშაველას ლექსებისა და პოემების კრებული ინგლისურ ენაზე გამოიცა. ლონდონში წიგნის პრეზენტაციაზე, ქართველი პოეტის ბრიტანელმა მთარგმნელმა და წიგნის ავტორმა ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ირგვლივ დისკუსია გამართეს. ვაჟა-ფშაველას პროგრესულობას, საღამოზე გამართული დისკუსიისას, არაერთხელ გაუსვა ხაზი მისმა ბრიტანელმა მთარგმნელმა.
დონალდ რეიფილდმა ლუკა რაზიკაშვილის ლექსებისა და პოემების ახალი კრებულით პოეტის შემოქმედებაში ტრაგიკულ და ხშირად შექსპირისეულ სიძლიერეზე მიუთითა. დედოფალი მერის უნივერსიტეტში, რუსულისა და ქართული ლიტერატურათმცოდნეობის პროფესორმა ვაჟას ბუნებისადმი დამოკიდებულება, დღევანდელი მსოფლიოს ეკოლოგიური პოლიტიკის დისკურსს შეადარა.
უელსის მთიან რეგიონში, ბუნებასთან და ფერმებთან ახლოს გაზრდილმა შან ფილიპსმა ვაჟას პოეზია ახლობლად მიიჩნია და დათანხმდა შეთავაზებას რომ საღამოზე, სადაც პოეტის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რამდენიმე ლექსი წაეკითხა. სამეფო ოჯახისგან არაერთი წოდებისა და ღირსების ორდენის მფლობელი მსახიობი ქართული დიასპორის წინაშე ვაჟას უკვდავი ლექსებით წარსდგა.
ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი