17 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
"ყოვლად მიუღებელი არგუმენტია," - ირაკლი კვარაცხელიას ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ირაკლის კვარაცხელიას ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში. პროცესი 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა და ის ცოტა ხნის წინ დასრულდა. ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს ყელზე დაზიანებები აღენიშნება. რაც შეეხება შინაგან ორგანოებს, მისივე თქმით, ისინი ცხედრიდან ამოღებული, შემდეგ კი უკან ჩაბრუნებული იყო. კვარაცხელია, საკუთარ სახლში, სენაკში გადაასვენეს.

"კურიერის" ინფორმაციით, 29 წლის ირაკლი კვარაცხელია რუსმა ჯარისკაცებმა დაკითხვისას ელექტროშოკით აწამეს, რა დროსაც მას გულის შეტევა მოუვიდა. საოკუპაციო რეჟიმი კი ამტკიცებს, რომ კვარაცხელიამ, რომელიც საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს, თავი მოიკლა.

"არის თოკის ჩანართები, მეტი დაზიანებები ფაქტიურად არ არის და დამატებითი გამოკვლევების შემდეგ დადგინდება რაღაცეები. დაზიანებები რაც იყო ყელზე უმნიშვნელო ნაჭდევები იყო ეს სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდეგ განვითარებული მაგაზე ლაბორატორიული კვლევებისთვის აღებული იქნა ნაჭრები,"- აცხადებს ექსპერტი ირაკლი თოიძე. 

ირაკლი კვარაცხელიას ოჯახი და ახლობლები პირველივე დღიდან გამორიცხავენ თვითმკვლელობის ვერსიას და აცხადებენ, რომ ეს მათთვის მიუღებელია.

"არ გვაქვს ინფორმაცია რატომ იყო გადასული ან დადიოდა თუ არა. გალში არავინ არ გადავიდოდა რომ ჩაედინა თვითმკვლელობა, ეს თავიდანვე გამორიცხულია, ყოვლად მიუღებელი არგუმენტია,"-აცხადებს ირაკლი კვარაცხელიას ნათესავი, თეა გოგინავა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კვარაცხელია გალში რუსმა ოკუპანტებმა კვირას გადაიყვანეს. ორშაბათს კი გავრცელდა ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ. დეფაქტო ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ კვარაცხელიამ თავი მოიკლა. 

დღის ამბები