ანგარიში, რომელიც ქვეყნის იმიჯზე ნეგატიურად აისახება - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის უმწვავეს ანგარიშს საქართველოზე ადამიანების უფლებების შესახებ სამოქალაქო სექტორი ეხმიანება.
სანიმუშოდ ცუდი არჩევნები, ზეწოლა მედიაზე, ნდობადაკარგული სასამართლო, კორუფცია ხელისუფლებაში, წამება ციხეებში და მკვლელობა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ მძიმე შეფასებების, რომელიც ანგარიშში მოხვდა.
აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს ჰყავს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც არასამთავრობო სექტორს ფაშიტებს უწოდებს.
„ჩვენ ვსაუბრობდით, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ იერიში და ფაშისტის ძახილი არ იქნებოდა აღქმული პოზიტიურად. ის, რა ტონითაც და რა კონტექსტშიც ეს წერია ამ ანგარიშში, ცალსახად წარმოაჩენს სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ პოზიციას სამოქალაქო სექტორზე განხორციელებულ იერიშებზე და ბუნებრივია ეს არის ერთგვარი გაფრთხილება ხელისუფლებისთვის და კონკრეტული პირებისთვის, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ დღესაც ეს რიტორიკა გრძელდება,“-განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ანგარიშიდან გამოჩნდა, რომ ეს საკითხი ისევე აშფოთებს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს.
"ხელისუფლებას აქვს რეალობის აღქმა დაკარგული და ის ვერ აცნობიერებს კარგად იმ მთავარ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას, მათ შორის დემოკრატიულობისა და კანონუზენაესობის პრობლემებს"-ამბობს მშვენირაძე.