დაბზარული ჭერი და კედლები, რომელიც დღითიდღე მატულობს - ვარკეთილში მდებარე ოთხსართულიანი ე.წ. ხრუშჩოვკა ავარიულია. კორპუსში, სადაც 36 ოჯახი ცხოვრობს, რთული მდგომარეობაშია. შენობას ექსპლუატაციის ვადა უკვე რამდენიმე ათეული წელია გაუვიდა. მისი ავარიული მდგომარეობა კი განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვეა დამძიმდა. ვისაც სხვაგან გადასვლის შესაძლებლობა არ აქვს, ყოველ ღამეს აქ შიშით ატარებს.
კორპუსის ფუნდამენტი მოშლილია და დიდი ხანია არ გამაგრებულია, ამიტომ იატაკი შესამჩნევად არის დახრილი. ოთხივე სართულის სიმაღლეზე დაბზარულია საყრდენი კედლები, რის გამოც სიმძიმეს ვეღარ უძლებს და სარდაფებს აწვება.
ადგილობრივებმა ორი თვის ინტერვალით კორპუსი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს შეამოწმებინეს. ბოლო შემოწმებისას, თებერვალში, მათ უთხრეს რომ კორპუსი ავარიულია მე-3 ხარისხის შესაბამისად და მდგომარეობა გართულებულია. დასახმარებლად მათ მერიასაც მიმართეს, სადაც განუცხადეს, რომ წელს კორპუსის გამაგრებისთვის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის.
კონკრეტულად ვარკეთილის მე-3 მასივის მე-7 კვარტლის მე-12 კორპუსის შემთხვევა არ იცის თბილისის მერმა, თუმცა ამბობს, რომ ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების საპილოტე პროგრამა მალე განხორციელდება.