„ტოლობის ნიშანს ნურასოდეს ნუ დასვამთ ჩვენს შორის,“ - ასე უპასუხა პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ ყოფილი თანაგუნდელის, ვანო ზარდიაშვილის განცხადებას, რომელმაც მას საპარლამენტო მანდატის დათმობისკენ მოუწოდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დღეს დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა, რადგან რამდენჯერმე „ოცნების“ წევრებსა და ყოფილ თანაგუნდელებს შორის მწვავე კამათი და დაპირისპირება მოხდა.
ერთ-ერთი კამათის დროს, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ ის მზად არის დატოვოს პარლამენტი, თუ ეკა ბესელიაც დათმობს მანდატს.
ბესელიამ კი სხდომის დასრულების შემდეგ ზარდიაშვილი სასამართლოში არსებული კლანის წარმომადგენლად კიდევ ერთხელ მოიხსენია და „ზონდერი“ უწოდა.
„ზარდიაშვილი იყო სასამართლოში ერთ-ერთი თანამშრომელი, ერთ-ერთი ზონდერი იყო. მისი მეგობრები, მისი ძმა-ბიჭები იყვნენ ყველანი იქ. მაშინაც ჰქონდა ხელი ჩაყოფილი კორუფციაში და მაშინაც იყო ჩაფლული და დღეს უკვე პარლამენტში რომ შემოვიდა, პარლამენტიდან მოინდომა ე.წ. ბუღალტერიის გახსნა, რომ ეწარმოებინა ბუღალტერია, ანუ აღერიცხა, ვის რას გაუკეთებდა. ეს გეგმები ჩავუშალე ვანოს, საბრალოს და გადაყვა ამ ამბავს. ახლა ის უკან დაბრუნებული სია ამოიდოს თავქვეშ და ღამე სიზმრებს რომ ნახავს, როგორ აწყობს საქმეებს მის მეგობრებთან სასამართლოში, რომ გამოიღვიძებს უბრალოდ, სხვა რეალობა დახვდება,“ - განაცხადა ბესელიამ.